"ამას მთელი კარიერის განმავლობაში ველოდი" - გიორგი გველესიანის დებიუტი ნაკრებში და ირანული ცხოვრება: ბიზნესვუმენი მეუღლე და 33 წლის ასაკში მიცემული შანსი
9 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ამხანაგურ მატჩში მონტენეგრო დაამარცხა. თამაშის დაწყებიდან მე-10 წუთზე, ანგარიში გიორგი გველესიანის პასით, რომელიც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩს ატარებდა, ოთარ კიტეიშვილმა გახსნა.
ირანული საფეხბურთო კლუბის "პერსეპოლისის" წარმატებული ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში პირველად რამდენიმე თვის გამოიძახეს. გველესიანს ოცნება 32 წლის ასაკში აუხდა.
"ძალიან გახარებული ვარ. ის ემოცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაშს, ქომაგების გამხნევებას, ჰიმნის მოსმენას მოაქვს, სხვა ემოციებთან დაუვიწყარი და შეუდარებელია. ამ მომენტს მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ველოდებოდი. იმ 7 წლის განმავლობაში, რომელიც სხვა ქვეყანაში გავატარე, იქაური ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოვიპოვე, რომელიც ასევე ძალიან სასიამოვნოა, თუმცა როცა ამას საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ხალხთან აღწევ, ნამდვილად სხვა გრძნობაა.
პირველი მიზანი ცხადია ნაკრების მაისურის მორგება იყო, ახლა მსურს ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა, მე კი წაბორძიკების დრო არ მაქვს. ვაცნობიერებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი მეორედ შესაძლოა აღარ მომეცეს და მსურს ამ შესაძლებლობიდან მაქსიმუმი მივიღო.
საკუთარ თამაშს ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებ და მაქსიმალისტი ვარ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იმაზე გაცილებით უკეთ თამაში შემიძლია, ვიდრე ეს მონტენეგროსთან იყო. მქონდა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მომენტები. ჩემი გამოცდილების მიუხედავად, დებიუტისგან გამოწვეული ემოციები რაღაც მომენტში ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. ასეთ დროს საკუთარი თავის კონტროლი ადვილი არ არის. საერთო ჯამში დებიუტს მაინც დადებითად შევაფასებ და განვითარებას უკეთესის მოლოდინით ვაგრძელებ." - განაცხადა გველესიანმა მატჩის შემდეგ. (წყარო)
გიორგი გველესიანის საფეხბურთო კარიერაგველესიანი 1991 წლის 5 მაისს დაიბადა. თბილისის "დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილის დებიუტი "დინამოს“ შემადგენლობაში 2010 წელს შედგა. ეროვნულ ლიგაში კი თავისი სადებიუტო გოლი 2013 წლის 19 აპრილს, ზუგდიდის "დინამოსთან“ შეხვედრაში გაიტანა.
სულ გველესიანმა "დინამოს“ შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. "დინამოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი და ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი.
ქართველი ფეხბურთელი ირანში პირველად 2017 წელს, თბილისის "დინამოდან“ გადავიდა და თამაში "ზობ აჰანის“ რიგებში დაიწყო. გველესიანმა "ზობ აჰანის“ შემადგენლობაში 2017–2018 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ირანის ვიცე-ჩემპიონი გახდა. იხილეთ სრულად