"სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ... მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ" - რას აცხადებს მეთიუ მილერი სანქციების შესახებ
"საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ს პასუხს განვიხილავთ", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ კანონმა შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს."ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ ზუსტად იმ საკითხით, რაც თქვენ ახსენეთ, კერძოდ იმით, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული კურსიდან აშორებს და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. ეს ქმედებები რადიკალურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან, რის გამოც ჩვენი ურთიერთობების გადახედვა დავიწყეთ და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ჩვენს პასუხს განვიხილავთ“, - განაცხადა მილერმა.
მილერის თქმით, აშშ-მ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია. "ჩვენ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ჩვენ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია და აქ გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
კითხვაზე, თუ რატომ არ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნისას, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ენტონი ბლინკენის დამოკიდებულება ნათელია."მდივანმა ახლახან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოაცხადა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი დოლარის დახმარებას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ და ასევე, ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა გამოაცხადა, რომელზეც აშშ-ის მხრიდან მოქმედებას თქვენ უნდა ელოდოთ. ვფიქრობ, რომ აქ გავჩერდები, მისი დამოკიდებულება ამის შესახებ, ძალიან ნათელია“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.