"ჩემს "მესენჯერს" აკონტროლებდეს სუს-ი... მეგობარს ვესაუბრე, რომ ფორთოხლის ფულის გადახდას ვაპირებდი, რასაც კოლაბორანტის იქ მისვლა მოყვა" - მოქალაქე, რომელსაც ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა
მოქალაქე, რომელსაც 2 დღის წინ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა, ლექსო სამხარაძეა. ის ამბობს, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატის მანქანიდან შეაგინეს.
"მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ იცოდეთ. მე სანამ ბილწსიტყვაობას დავიწყებდი, მხოლოდ პოლიტიკურ მესიჯებს ვავრცელებდი, ისეთს როგორიც ვიდეოს დასაწყისშია. ჩემი გინება მოყვა, იმათი მხრიდან დედის შეგინებას, მანქანიდან.
საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ჩემს ფბ და "მესენჯერს" აკონტროლებდეს სუს-ი. თუნდაც ამ ვიდეოს ჩაწერამდე ვესაუბრე, "მესენჯერის" საშუალებით, ჩემს მეგობარს, რომ მისვლას ვაპირებდი მაღაზიაში და ფორთოხლის ფულის გადახდას. რაც საკმაოდ კომიკური გამოვიდოდა, რასაც კოლაბორანტის მისვლა და ფორთოხლის საფასურის გადახდა მოყვა.
ჩემი აზრით, ასეთ ეროვნულ ტალანტს, თავში არც კი დაებადებოდა აზრი, ბოდიში მოეხადა და ფორთოხლის ღირებულება გადაეხადა. მადლობა მინდა მოვუხადო მაღაზიის მფლობელს და გამყიდველს, ძალიან კარგი პასუხისთვის, რასაც ვიდეოში ვუსმენთ და მადლობა ეკუთვნით იმ სტიკერებისთვის, რომლებიც სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოხატავს. აუცილებლად გავიცნობ ამ კარგ ხალხს, წინააღმდეგობა რუსულ რეჟიმთან უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, არ უნდა შეგვეშინდეს ციხის, გალახვის, სამსახურის დაკარგვის და სხვა რეპრესიების. რუსეთის იმპერიასთან და მაგათ აგენტურასთან ბრძოლა, არასოდეს ყოფილა მარტივი. ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ" - წერს სამხარაძე.