გიორგი ვაშაძეს საპარლამენტო ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა, რასაც ვაშაძე ტაშით შეხვდა.
შემთხვევა იმ დროს, მოხდა, როდესაც ვაშაძე ტრიბუნასთან სიტყვით გამოდიოდა.
„ყოჩაღ, აი, ეგ ხართ. აი, ეგ ხართ“, - მიმართა ვაშაძემ ზავრადაშვილს.
„ყოჩაღ, მადლობა, ბრავო! აი, ეგ ხართ. აი, ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა. აი,ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ იმიტომ, რომ მერწმუნეთ, ეს წყალი მე და არც ქართველ ხალხს არაფერს უზამს. ეს თქვენს მიერ არჩეული ღალატის გზაა. იმიტომ, რომ ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერასდროს დააჩოქებს ვერცერთი ბოროტი ადამიანი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს. მერწმუნეთ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ეროვნული ერთობა,რომელიც დღეს არის, თქვენ ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ წააქცევთ. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს ქართველ ახალგაზრდებს და სწორედ მათ მაგალითებს უყვებიან საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდებს. არა უშავს, დაწყნარდით, აი, ეს არის უღირსობის პირველი მაგალითი. თქვენ გგონიათ ხალხო, რომ ეს გაგივათ. ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე უსამშობლოებზე. თქვენ ხართ უსამშობლოების გაერთიანება, რომლებიც ღალატის გზას ადგახართ. თქვენ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საბოლოო განაჩენს გამოგიტანთ. საქართველოს ისტორიაში ქართველი ახალგაზრდების სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება, ხოლო თქვენი სახელი შავი ასოებით ჩაიწერება. იმ მოღალატეთა სიაში იქნებით, რომელსაც ხშირად ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოებით გვასწავლიან, რომ მათ არ უნდა დაემსგავსოთ“, - მიმართა ვაშაძემ უმრავლესობას.