ზურა და გიორგი ყიფშიძეების პროტესტი სცენიდან: როგორ პასუხობს ნატალია ყიფშიძე სოცქსელში ატეხილ აჟიოტაჟს - "ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ"
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გუშინ თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობებმა გააპროტესტეს. სპექტაკლის შემდეგ სცენაზე ისინი ბანერებით გამოჩნდნენ, წარწერით" "არა რუსულ რეჟიმს", "არა რეპრესიებს".
მსახიობებს შორის, რომლებიც სცენაზე იდგნენ მამა-შვილი ყიფშიძეებიც იყვნენ. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ზურას და გიორგის ეს პროტესტი ნატალია ყიფშიძის დამსახურებაა. თავად ნატალია ამბობს, რომ პროტესტი დასის ინიციატივა იყო და იქ მისი ოჯახის დანახვა ძალიან გაუხარდა.
"ბევრი ლამაზი სიტყვები წავიკითხე და უზომოდ მადლიერი ვარ! მაგრამ ეს ყველაფერი მსახიობთა დასის დამსახურებაა და ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ, მიხარია ყოველი ხმამაღალი განაცხადი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას ითვალისწინებს და ჩემი ოჯახის დანახვაც რა საკვირველია სასიხარულოა ჩემთვის" - დაწერა ნატალიამ ფოტოს კომენტირებისას.
ზურა ყიფშიძე წლებია, "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. ასე იყო გიორგის შემთხვევაშიც, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში მან თქვა, რომ მმართველმა პარტიამ იმედები გაუცრუა.
"შემოდიან ჩემს სოციალურ ქსელში და მეუბნებიან, მოგისყიდესო. რა გინდათ, გამჭედოთ? რაღაც მაინც იცოდეთ ჩემზე. რომ ვთქვა რა გამიკეთეს ("ქართულმა ოცნებამ")... ამას სხვა დროს ვიტყვი. ბინა მაჩუქა გუკა რჩეულიშვილმა, არანაირი მიშა, გრიშა და ივანიშვილი იქ არ ყოფილან. ამიტომ, ტროლები და ბოტებო, მე თქვენი აზრი არ მაინტერესებს" - თქვა გიორგიმ.
ცნობისთვის, ბოლო ერთი თვეა ყიფშიძეების გარშემო სკანდალი არ წყდება. ჯერ იყო და ნატალია ყიფშიძის მიერ “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, მისი ბაბუა, მსახიობი ზურა ყიფშიძე საჯაროდ დაუპირისპირდა და ნატალიას მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში დაწერა:
“ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” - წერს ნატალია ყიფშიძის ბაბუა ზურა ყიფშიძე.
ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილ ყიფშიძეებსაც, თუმცა როგორც ზურამ აღნიშნა ეს პოლიტიკურ მოვლენებს არ უკავშირდებოდა და კონფლიქტი გიორგის ცხოვრების წესის გამო მოუვიდათ.