"მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს!" - რას პასუხობს ირაკლი ზარქუას და გამომწერებს სოციალურ ქსელში?
ას შემდეგ, რაც მოსახლეობა თბილისის ქუჩებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ აპროტესტებს, მთავრობის მომხრეების და პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ საზოგადოების მხრიდან ზეწოლა გაიზარდა. ისინი ღიად უწერენ კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ოჯახის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში, რომ ხმა ამოიღონ და დაგმონ ხელისუფლების საქციელი.
ნინა ზარქუა დიზაინერი და დეპუტატ ირაკლი ზარქუას დაა. დიზაინერი საჯარო ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს და "ინსტაგრამზე" 130 ათასი გამომწერი ჰყავს.
ნინა წლებია, რაც ალექსანდრე ამისულაშვილზეა დაქორწინებული. სპორტსმენი წლების განმავლობაში "დინამოსა“ და ეროვნული ნაკრების უცვლელი ფეხბურთელი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ კი ბიზნესში გადაინაცვლა.
ყოფილი მოდელი ნინა ზარქუა აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულის ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება.
დეპუტატის და ერთ-ერთია ცნობილ სახეებს შორის, რომელმაც "ინსტაგრამზე" კომენტარების ფუნქცია არ გამორთო. მართალია ბოლო პოსტი 11 მარტს აქვს გამოქვეყნებული, მაგრამ პერიოდულად ამ პოსტის კომენტარების ველში კანონის მოწინააღმდეგეები ხშირად შეურაცხმყოფელ კომენტარებსაც უწერენ.
"რატომ მწერთ ყველა "ფეიქ ექაუნთიდან?!“ მომწერეთ პირადით, იქნებ მართლა ღირდეს თქვენი მოსმენა“ - წერს ნინა ზარქუა.
ვინც არ უნდა ვიყო - რატომღაც მჯერა, რომ გულში მაინც ჩვენს მხარეს ხართ და თქვენც სიამაყით გევსებათ გული, როცა ასი ათასობით სამართლიან, თავისუფალ და უშიშარ ადამიანებს ხედავთ. მიუხედავად ოჯახური და მეგობრული კავშირებისა...“ - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ნინა ზარქუას.
"მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს! დიდი და მკაფიო კი ევროპას!“ - ასე უპასუხა დიზაინერმა გამომწერს