"სანქციები თუ დაწესდა, ის ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მყოფთა შვილებსაც შეეზღუდებათ დასავლურ ქვეყნებში ყოფნის საშუალება" - ექსპერტი
საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების კანონი მესამე მოსმენით სწორედ იმ დღეს მიიღო, როდესაც თბილისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო ბრაიენი სტუმრობდა.
მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების თემაზე ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ეს ძალიან ახლო პერსპექტივაა. არ მინდა, პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ ამაზე ვიმუშავებთ. როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ ცხად მტკიცებულებებსა და ძალიან ძლიერ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით. ეს არ არის ისეთი რამ, რომ ერთ ღამეში გაკეთდეს“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით:
"ძალიან ცუდი იქნება, თუ კანონი ახლანდელი სახით დაინერგება. ასე რომ, სანამ საბოლოოდ შევა ძალაში, გვჭირდება, რომ მასში არსებითი ცვლილებები შევიდეს. ეს და ასევე რიტორიკა, რასაც ვხედავთ, მიგვიყვანს კითხვამდე, თუ რა დარჩება ჩვენი პარტნიორობისგან... გვსურს, რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ სტიგმას ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ჯგუფისადმი. არსებობს ევროკავშირის ჩარჩო, რომელიც ამჟამად განიხილება, რომელიც უკავშირდება უცხოურ დაფინანსებას. აშშ-შიც გვაქვს გარკვეული ჩარჩოები. ასე რომ, არ მინდა ვუკარნახო, ზუსტად რა უნდა გამოვიდეს, მაგრამ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ იმას, რაც ბოლო კვირაში ვნახეთ - საჯარო დისკუსია ცალკეულ ორგანიზაციებზე გამოყენებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ დააზიანონ კერძო საკუთრება, დააზიანონ ადამიანები. ეს დაუშვებელია“.
მანამდე ო ბრაიენმა დაადასტურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა შეხვედრაზე იმის გამო, რომ უკვე იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეშ და ამ რეალობაში არ სურს შეხვედრა. ამის საპირისპიროდ, ო ბრაიენმა განაცხადა: "ამ ეტაპზე ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის დაწესებული.“
"ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
უმრავლესობა ჯერჯერობით არც მოსალოდნელი დასანქცირების გამო იტეხს იხტიბარს და ერთხმად იმეორებს, - როცა ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება საქმე, სანქციები რა მოსატანიაო.
ჯიმ ო ბრაიენის ტექსტის ძირითად გზავნილებსა და სანქციების საფრთხეზე, ambebi.ge - ს პოლიტოლოგი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ესაუბრა:
"ეს იყო უკიდურესად კრიტიკული გამოსვლა, დიპლომატიურ ენაზე ამაზე მეტად კრიტიკული გამოსვლა ვერ იქნებოდა. ჯიმ ო ბრაიენმა ახსენა, რომ შეთქმულებაზე საუბარი ზოგადად არასერიოზულია და ეს არის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მესიჯი, რომლის მიხედვით, ხელისუფლება არა მარტო ამ შეთქმულების თეორიებში ცხოვრობს, არამედ ამ თეორიების გამავრცელებელი თავად ხდება. ეს კი დამაზიანებელია არა მხოლოდ მისი რეპუტაციისთვის, არამედ ზოგადად საზოგადოების მდგომარეობისთვის იმიტომ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლებას უსმენს ხოლმე. შესაბამისად, ძალიან მძიმეა, როცა ხელისუფლება ამ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს, როგორიცაა მაგ. გლობალური ომის პარტია და სხვა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი შეეხება იმას, რომ სახელმწიფო არ უნდა იქცეს პირადი ინტერესების გატარების საშუალებად და მექანიზმად. ეს, პრაქტიკულად, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც აქამდე არსებობს, ეკუთვნის ხალხს და თუკი ვიღაცის მიერ მოხდა მისი მისაკუთრება, პირად ინტერესებში გატარება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მიტაცებულია და ემსახურება ერთ ადამიანს, რაც, რა თქმა უნდა, კატასტროფულად დამაზიანებელია ნებისმიერი სახის რეპუტაციისა და ნდობისათვის ნებისმიერი ადამიანისათვის. იხილეთ სრულად