რა ხდება პარლამენტთან, სადაც დღეს ე.წ. აგენტების კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აპირებენ?
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ტერიტორია დაატოვებინეს და პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს განლაგდა.
ისმის შეძახილები: "მონებო"; "რუსეთის მონებო; "სირცხვილია"; ასევე საყვირების ხმა.
"სახლიდან იქნებ წამოვიღოთ ყველაფერი, რაც ხმაურობს. ქვაბები და ტაფებიც შეიძლება:)) საყვირები. მაქსიმალურად უნდა ვიხმაუროთ", - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ ასევე 9 აპრილის ქუჩის მხარე. პარლამენტთან მობილიზებულია სპეცრაზმი, თავისუფლების მოედანზე კი - წყლის ჭავლის მანქანები და სხვა სპეცტექნიკა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.
ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.