„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან დღეს, 10:00 საათზე შეკრებას გეგმავენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, 10:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან.
როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებული სცენიდან ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, 10:00 საათიდან, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტებიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივლენ და პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ.
“ყველა უნივერსიტეტიდან დაიძვრება მსვლელობა. ჩვენ ვნახავთ რეალურ სტუდენტურ ძალას. პარლამენტი 10:00 საათიდან იქნება პროტესტის ძლიერი კერა. ჩვენ ჩვენ ხმას გავაგონებთ დეპუტატებს, იქნებ რამე შეიგნონ და მესამე მოსმენით არ მიიღონ კანონპროექტი. ამიტომ, აქ ვიქნებით ძალიან ბევრი და აუცილებლად გავაწვევინებთ უკან “რუსულ ოცნებას”,- განაცხადა სტუდენტმა დავით სეხნიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გეგმავს.