"ცოლის თვალწინ მარტო იმიტომ სცემეს, რომ მათი ავტობუსის დანახვაზე მანქანა არ გაწია" - რა მოხდა ლეონიძის ქუჩაზე და ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ვიდეოში ჩანს
სოციალურ ქსელში ლეონიძის ქუჩაზე გადაღებული კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან სამართალდამცველები მოქალაქეს. ირკვევა, რომ მომხდარის შემდეგ მამაკაცი დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას დაზარალებულის მანქანა ლეონიძის ქუჩაზე ჰყავს შეჩერებული.
მამაკაცი მანქანაში სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
თვითმხილველები წერენ, რომ ახალგაზრდამ სპეცრაზმის ავტობუსს, რომელიც ე.წ. "პროწივზე" მოდიოდა, გზა არ დაუთმო, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ახალგაზრდა, რომელიც კადრებზეა ასახული, ირაკლი წიგნაძეა.
"შენ ვერაფერს დაგაკლებენ ჩემო ოქროს ბიჭო, ამათი კი ბოლო დღეებია, მიყვარხარ" - წერს სოფო ჯაფარიძე ვიდეოს კომენტირებისას.
ერთ-ერთი თვითმხილველი კი მომხდარს ასე აღწერს:
"ჩემი დიდი პატივისცემა და თანადგომა ამ ადამიანს. ეს რამდენიმე საათის წინ მოხდა, თავის გზაზე მომავალმა მანქანის მძღოლმა მანქანა არ გაწია, სპეცრაზმის ავტობუსის ე.წ. "პროწივზე" გასატარებლად. ცოლის თვალწინ მარტო იმიტომ ცემა ერთმა ავტობუსმა სპეცრაზმმა ერთი კაცი, რომ არ ჩაიჯ... ავტობუსის დანახვაზე და საკუთარ გზაზე მომავალმა ცუციკივით არ დაზადნა მანქანა მათ გასატარებლად.
ვინც ამ ყველაფრის შემხედვარე ჩუმად ხართ და კომფორტის ზონაში ზიხართ, იცოდეთ, რომ ყველას ასე გაგისწორდებიან. თქვენ თუ არა, თქვენი ოჯახის წევრს გაიგდებენ წიხლქვეშ უბრალოდ იმიტომ, რომ თავის სავალ ნაწილზე მოინდომებს კანონიერად გავლას" - წერს თამუნა გიორგაძე.
რა განცხადებას ავრცელებს შსს?
"გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე.
საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.
მიუხედავად იმის რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება.საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში".
რა განცხადებას ავრცელებს მომხდარზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური?
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად".