"კახა, ბევრი წლის განმავლობაში შენი ფოტოგრაფი ვიყავი... გადმოდი ნათელ მხარეს, ნუ შეხვალ ისტორიაში მოღალატედ" - მარი ნაკანის მიმართვა დედაქალაქის მერს
ცნობილმა ფოტოგრაფმა, მარი ნაკანმა, აქციიდან თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართა: "კახა, ბევრი წლის განმავლობაში შენი ფოტოგრაფი ვიყავი. მაშინ ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარდი. საქართველოს ძალიან უყვარდი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ახლაც უყვარხარ. ძალიან გთხოვ, გადმოდი ნათელ მხარს. ნუ შეხვალ ისტორიაში მოღალატედ" - განუცხადა მან "ტვ პირველს"
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს.
რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
აღდგომის კვირეულიდან გამომდინარე აქციის მონაწილეები ეკლესიასთან სანთლების დანთებას აპირებენ.
მათი თქმით, დღეს მსვლელობა რუსთაველის გამზირზე შეწყდება და პროტესტი აქ გაგრძელდება.
მანამდე კი აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ. მათ სანაპირო გადაკეტეს, ხოლო დემონსტრანტების ნაწილმა მშვიდობის ხიდზე ევროკავშირის დროშა გადმოფინა.
აქციის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას და განვლილი დღეების განმავლობაში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 19:00 საათიდან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და სასტუმრო "პარაგრაფთან“ მიმდინარეობდა, საიდანაც დემონსტრანტები მსვლელობით "ქართული ოცნების“ ოფისისკენ“ გაემართნენ.
მმართველი პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი დახვდათ, რის გამოც შეკრებილებს "ქართული ოცნების” ოფისთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.