საიდუმლო სერობა, იუდას მხილება, ზიარების საიდუმლო, ფერხთბანა - რა ვიცით დიდი ხუთშაბათის შესახებ და რა ლოცვები იკითხება ამ დღეს?
დღეს დიდი ხუთშაბათია. დიდი ხუთშაბათი არის დღე, როცა უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით - გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.
საღამოს, უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა ერთ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და იკითხა: "ვინ არის გამცემი?" - მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას.
ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: "ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა" (ლუკ. 22, 19), - შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: "სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ზიარება.
შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ.
იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების აღმოფხვრა.
საიდუმლო სერობას აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს დაადგინა. სერობაზე "რომელთა ქერუბიმთას" ნაცვლად იგალობება: "სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე"… სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება).
დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. "თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით.
ამ მსახურებისას იკითხება:
პირველი – იოანეს სახარება 13:31 – 18:1
მეორე – იოანეს სახარება 18:1-28
მესამე – მათეს სახარება 26:57-75
მეოთხე – იოანეს სახარება 18:28 – 19:16
მეხუთე – მათეს სახარება 27:3-32
მეექვსე – მარკოზის სახარება 15:16-32
მეშვიდე – მათეს სახარება 27:33-54
მერვე – ლუკას სახარება 23:32-49
მეცხრე – იოანეს სახარება 19:25-37
მეათე – მარკოზის სახარება 15:43-47
მეთერთმეტე – იოანეს სახარება 19:39-42
მეთორმეტე – მათეს სახარება 27:62-66
მერვე სახარების შემდეგ იკითხება კანონი და იგალობება საგალობელი, რომელშიც ასახულია ის ეპიზოდი, როდესაც იესო ქრისტემ მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს შეუნდო, რადგან ამ უკანასკნელმა სიკვდილის წინ შეინანა. ეს საგალობელი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სრულდება.
თორმეტი სახარების მსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიის გაკეთებით ეამბორებიან და ტაძარს ტოვებენ.
ამ დღეს მსახურებისას შემდეგი ტროპარ-კონდაკიც იკითხება:
ტროპარი: "რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ივლტოდე უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა".
კონდაკი: "მიიღო პური ხელთა შინა განმცემელმან იუდა ხელთაგან დამბადებელისათა, რომელმან ხელითა შექმნა ადამი, და მერმე მანმარტნა, და მოიღო ფასი მოძღვრისა და ღვთისა მზაკვარმან, და არა შეიგონა, არამედ ეგო უკურნებელად".