როგორი ამინდი იქნება აღდგომას და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს საქართველოში - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან
2 მაისიდან საქართველოში შედარებით გრილი და ნოტიო მასების გავრცელეებაა ნავარაუდევი და როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ მოგვაწოდა:
"2 მაისიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაიკლებს და დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5-6 მაისსაც ქვეყნის ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 5 მაისს დასავლეთ საქართველოში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსი. 6 მაისს დასავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსამდეა ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. თუმცა, პროგნოზი კიდევ დაზუსტდება. თბილისში 5 მაისს დღის მაქსიმალური ტემპერატურა +16 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, 6 მაისს კი +23 გრადუსია მოსალოდნელი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.