რა შეგიძლიათ, გააკეთოთ, თუ მეზობლების ხმაური გაწუხებთ და ვის უნდა მიმართოთ ასეთ დროს - იურისტი განმარტავს | Allnews.Ge

რა შეგიძლიათ, გააკეთოთ, თუ მეზობლების ხმაური გაწუხებთ და ვის უნდა მიმართოთ ასეთ დროს - იურისტი განმარტავს

ხშირად, როდესაც ადამიანები ბინებს დღიურად აქირავებენ, მეზობლები განსაკუთრებით ჩივიან, რომ ბინიდან გადაჭარბებული ხმაური გამოდის. ასევე, შესაძლოა, კორპუსის ეზოში გვიანობამდე თამაშობენ კარტს, ფეხბურთს და დაძინება შეუძლებელია, ან კიდევ გვიან აკეთებენ სარემონტო სამუშაოებს, რაც განსაკუთრებით შემაწუხებელია. სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მსგავს შემთხვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, ვის შეიძლება ასეთ დროს მიმართოთ და პრობლემის მოგვარების რა გზები არსებობს:

- ბინების ყოველდღიურ გაქირავებასთან დაკავშირებით ნამდვილად დიდი პრობლემაა. ზოგადად, ყოველთვიურადაა ბინა გაქირავებული თუ ყოველდღიურად, პასუხისმგებელი ყველა შემთხვევაში მესაკუთრეა. მესაკუთრე პასუხისმგებელია, იმგვარად მართოს თავისი ქონება, რომ მეზობლებს ხელი არ შეეშალოთ. როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე სპეციალური რეგლამენტით სახლებისთვის ხმაურის დასაშვები ზღვარია დადგენილი. რეგლამენტი დღის და ღამის საათებს ითვალისწინებს. დღის საათები, თავის მხრივ, დღის და საღამოს საათებად იყოფა. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდე - დღის საათებია. როგორც აღვნიშნე, ეს მონაკვეთი კიდევ ორად იყოფა: დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე უშუალოდ დღის საათებია, შემდეგ კი - საღამოს.

ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე ღამის საათებია. ხმაურის დასაშვები დონეები სწორედ ამ მონაკვეთების მიხედვით განსხვავდება. ხმაური შეიძლება იყოს მუდმივი, პერიოდული, ფონური... ნებისმიერი ასეთი ხმაური გაზომვას ექვემდებარება. თუ მეზობელი ხმაურით შეწუხდა, ალბათ, პირველ რიგში, მეზობელ-მესაკუთრეს მიმართავს და სთხოვს, რომ შეწყვიტოს. თუკი მესაკუთრე მეზობლის თხოვნას არ ითვალისწინებს, ასეთ შემთხვევაში მარტივი მექნიზმი არსებობს. კერძოდ, ვრეკავთ იმ მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე, რომელ ქალაქშიც ვცხოვრობთ და ინფორმაციას ვატყობინებთ. აუცილებელი არ არის, ზედა ან ქვედა, ან კარის მეზობელი იყოს. შეიძლება, მომიჯნავე არ იყოს, მაგრამ მისგან შემაწუხებელი ხმაური მაინც მოდიოდეს.

სახლში არავის არ აქვს ხელსაწყო, რომ ხმაური გაზომოს. უბრალოდ, მეზობლისთვის თუ შემაწუხებელია, ამ შემთხვევაში მიმართავს მუნიციპალიტეტს და ისინი მოდიან სპეციალური ხელსაწყოთი და ზომავენ. თუ ხმაური დღის, საღამოს, ან ღამის დასაშვებ ნორმებს აღემატება, პირველ რიგში, გაფრთხილება ხდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 150 ლარს ითვალისწინებს. შემდეგ 500 ლარი, შემდეგ 1000 ლარი, იურიდიული პირებისთვის 5000 ლარი. ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია. ამიტომ, ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია. საჭიროა, დავრეკოთ მუნიციპალურ ორგანოში და ხმაური გაიზომოს - იქნება ეს მუსიკა, ადამიანების საუბარი, სარემონტო სამუშაოები და ასე შემდეგ. გამონაკლისის სახით, არსებობს სადღესასწაულო დღეები, როცა ღამის საათებში ხმაური დასაშვებია. მაგალითად, ახალი წლის ღამე. იხილეთ სრულად

myquiz