ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსაჯვრდებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსაჯვრდებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარეს სასამართლოსგან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე ჩაბარდა, ისინი რამდენიმე წუთში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მივლენ. შესაბამისი პროცედურების გავლის, პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებას გადაეგზავნება, რის შემდეგაც, ლაზარე გრიგორიადისი ციხეს დატოვებს.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილსვე განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.