"აქციის მონაწილეების ქმედებების შედეგად დაშავდა სამინისტროს ერთი თანამშრომელი"- რამდენი ადამიანი დაკავეს გუშინ აქციაზე?
აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით 14 პირი დააკავა."შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რამდენიმე საათია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული.
აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარლამენტთან "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათზე განახლდა. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პარლამენტისთვის მსვლელობით წრის შემორტყმას, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე განლაგებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე კვლავ რჩება მომიტინგეთა ნაწილი.
შეგახსენებთ, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავდა. კომიტეტმა პროტესტის, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა.