"აქ ვიპოვე ჩემი თავი, მყავს ქართველი მეგობრები, ოჯახი... ჩემი 2 წლის შვილი მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს" - უკრაინელი დარია ხოლოდილინას ქართული წარმატება
დარია ხოლოდილინა უკრაინიდან საქართველოში საცხოვრებლად 2013 წელს გადმოვიდა. ძალიან მალე ისწავლა ქართული ენა და ქართული ღვინის შესწავლაც დაიწყო, საბოლოოდ, იმდენად ღრმა ცოდნა შეიძინა, რომ ქართულ ღვინოზე წიგნიც (Vinologue – Georgia: A Guide to the Cradle of Wine) კი დაწერა.
ამბობს, რომ საქართველოში მეორე სამშობლო იპოვა, რითაც ბედნიერია. დარია ცოტა ხნის წინ პრესტიჟული კონკურსის IWSC Emerging Talent in Wine 2024 წლის გამარჯვებული გახდა.
თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოში, რა გზა გაიარა წარმატებისკენ და რას ფიქრობს უკრაინაზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
დარია ხოლოდილინა:
- 2012 წელს, გერმანიაში, ჩემი სტაჟირების დროს, საინტერესო ქართველები გავიცანი. შემდეგ ვიფიქრე, შვებულებას რომ ავიღებ, საქართველოში წავალ-მეთქი და რამდენჯერმე ჩამოვედი. თავიდან თბილისი, მცხეთა და ახლო-მახლო ადგილებით დავინტერესდი. მერე საქართველოს სხვადასხვა რეგიონი აღმოვაჩინე. ვნახე სვანეთი, ხევსურეთი, ყველა ადგილი მომეწონა და ვიფიქრე, რომ ზამთარს აქ გავატარებ-მეთქი. ეს უკვე 2013 წელი იყო. ამ გადაწყვეტილებიდან ერთ კვირაში უკრაინაში რევოლუცია დაიწყო.
- რას საქმიანობდით უკრაინაში?
- თარჯიმანი და სპორტული ჟურნალისტი ვიყავი. სპორტი და სხვადასხვა თემა, რაზეც ვმუშაობდი, რევოლუციის დროს უკვე აღარ იყო აქტუალური, რადგან არ ვიცოდით, რა მოხდებოდა. მერე ვიფიქრე, ცოტა ხნით აქ დავრჩები და თუ გამომივიდა, აქაურობას ავეწყობი. საქმეს საქართველოში გავაგრძელებ-მეთქი, რაც ცოტა რთული აღმოჩნდა. პირველი ბარიერი ენის არცოდნა იყო. ქართული ენის ცოდნის გარეშე არაფერი გამოდიოდა. არადა, ჩემთვის მთავარი იყო წერა და კრეატიული, შემოქმედებითი საქმიანობა. იხილეთ სრულად