ირაკლი ღარიბაშვილი - მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს
მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც სხვადასხვა საშუალებით შექმნა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო მის დეკლარაციებს ყოველ წელს ამოწმებს და არც ერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა მას პასუხი არ გაუცია.
„ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს და შეამოწმებს ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივ დეკლარაციას. თითქმის ყოველ წელს ჩემი დეკლარაცია მოწმდება არამხოლოდ უშუალოდ ბიუროს მიერ, არამედ იცით, რომ იქ ამის კომისიაა. არც ერთხელ არცერთ საკითხზე არ ყოფილა კითხვა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია.
ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური ბიზნეს საქმიანობა. თუ ამის შესახებ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, როგორ თქვენ მოიხსენიებთ, პენსიონერს თანხა. მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ თქვენ ნამდვილად დაინტერესებული ხართ, მე მზად ვარ, ეს საჯარო ინფორმაციაა, რომ გაგიზიაროთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.