"თავის და ოჯახის გადასარჩენად წლებია, რესტორანში ვმუშაობ" - როგორია ერთ დროს ცნობილი გოჩა ჭაბუკაიძის დღევანდელობა?
მასობრივად 10 წლის წინ მეგაშოუ „ნიჭიერის“ საშუალებით გაიცნეს. იმხანად პროექტში, 47 წლის გოჩა ჭაბუკაიძის ნამღერმა მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. კონკურსზე მარტო მივიდა და თქვა, რომ იმ გამოსვლით ხმის მიწვდენა საფრანგეთში მყოფი ქალიშვილისთვის სურდა. ქალიშვილსაც მიაწვდინა ხმა და ადამიანების გულებიც დაიპყრო.
ბატონი გოჩა რესტორნის მუსიკოსია, ასე იყო "ნიჭიერში" მისვლამდე - ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. მღერის როკს და ამის პარალელურად ეკლესიაში სახარებას კითხულობს. ამბობს, რომ ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით და მოწიწებით აბალანსებს. არის პროზაული ნაწარმოებების ავტორი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი...
როგორც ამბობს, ცხოვრება მისთვის საკმაოდ წინააღმდეგობებით სავსე აღმოჩნდა - სიკვდილს თვალებში არაერთხელ ჩახედა... ახლა სწორედ იმ განსაცდელებს იხსენებს, რის პირისპირაც სხვადასხვა დროს აღმოჩნდა.
- 12 წლის ვიყავი, ავტოსაგზაო შემთხვევაში რომ მოვყევი. ოღონდ, ის ამბავი იქიდან მახსოვს, თვალი რომ გავახილე და ყველანაირი სამედიცინო პროცედურა დამთავრებული იყო. რა როგორ მოხდა, ამის შესახებ რაც ვიცი, უკვე სხვების მოყოლილით. დასასვენებლად წასული პატარა ბავშვი სახლში ვბრუნდებოდი. იმავე ნათესავებს მოვყავდი, ვინც წამიყვანა... მძღოლი რაღაცნაირად დაიბნა და იმისთვის, რომ პირისპირ მომავალ უზარმაზარ სატვირთო მანქანას არ შესჯახებოდა, მკვეთრად დაამუხრუჭა, ასევე მკვეთრად მოუხვია და იქვე არსებულ ბოძს ისე შეასკდა, რომ უკანა სავარძელზე მჯდომმა საქარე მინა თურმე თავით გავიტანე. ამ ყველაფერს ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვა... მქონდა ტვინის შერყევის მძიმე ფორმა, ფეხი ბარძაყში იყო ამოვარდნილი. სახეზე ისეთი დასახიჩრებული ვიყავი, ჩემი ცნობა შეუძლებელი იყო - 40 ნაკერი მქონა (ამის კვალი ახლაც მეტყობა)... ნახევარზე მეტი სისხლიც დამიკარგავს და სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ მეტყობოდა... მაგრამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ როგორღაც გადავრჩენილიყავი... გულის კუნთში ადრენალინი გაუკეთებიათ, ამის შემდეგ ამომიკვნესია და ამით მიხვდნენ, რომ ცოცხალი ვიყავი. ჩემი მდგომარეობით მთელი საავადმყოფო შეძრული იყო. თბილისიდან პროფესორიც ჩამოუყვანიათ...
- სად მოხდა ეს ავტოსაგზაო შემთხვევა?
- ბორჯომი-ახალდაბის გზაზე. ეს ადგილი საგზაო შემთხვევების კუთხით ცნობილი ყოფილა. ასე მოვხვდი, სურამის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში. მნიშვნელოვანია, რომ მანქანას, რომელსაც ეს ტრაგედია შეემთხვა, თურმე უკან მოჰყვებოდა გამოძახებაზე პაციენტთან მიმავალი სასწრაფოს ეკიპაჟი. რომ არა იმ სასწრაფოს ექიმების მყისიერი რეაგირება, ალბათ, საეჭვოც იქნებოდა ჩემი გადარჩენა...
- მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო ახალგაზრდა ასაკში გადატანილი ერთდერთი განსაცდელი. ცნობილია, რომ დედა საკმაოდ პატარამ დაკარგეთ...
- ახალგაზრდა ადამიანი დედას რომ დაკარგავ, თავშესაფრის ძიებაში ხარ, ვინ გაგიწევს დედის მაგივრობას… მამაჩემიც დეპრესიაში იყო… მერე სამხედრო სამსახურში წასვლა თვითონ მოვითხოვე, მაგრამ იქაც მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი. კავკასიელებს ემტერებოდნენ, თან საბჭოთა ჯარის უხილავი წესებიც მოქმედებდა. ქართველი მაგრად უნდა დამდგარიყავი, რომ იატაკის მორეცხვა, ჭურჭლის რეცხვა შენს თავზე არ აგეღო, მაგრამ თუ ამაზე უარს იტყოდი, მაშინ ამაზე პასუხიც უნდა გეგო. ამ ყველაფრის გამო შეხლა-შემოხლაში 30-მა კაცმა მომიმწყვდია. ის დაპირისპირება საწყობში მოხდა. ერთი-ორს გავუმკლავდი, სანამ შევძელი, მერე არაფერი აღარ მახსოვს, გონზე რომ მომიყვანეს, სისხლში მოსვრილი ვიყავი. მორიგემ გამოიარა, იკითხა რა მოხდაო? არაფერი, დავეცი-მეთქი. მიხვდა, რომ იმის მთქმელი არ ვიყავი, რაც მოხდა. ამის შემდეგ ის 30 კაცი ჩემი მეგობარი გახდა, რადგან ისინი არ გავეცი. მალე კავკასიის ჰავაზე გაზრდილი ისე გავცივდი, ფაქტობრივად, ფილტვებში წყალი ჩამიდგა. შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის მხარეში ვიყავი, ძალიან დიდი ყინვები იყო და რომ არა იქაური სანიტარული ნაწილის ექიმი, არ ვიცი, რა მოხდებოდა. უკვე ვბოდავდი, მაღალი სიცხეები მქონდა და სასწრაფოდ ქალაქის ჰოსპიტალში წამიყვანეს. ფილტვში წყალი მქონდა - მარცხენა ფილტვის ექსუდაციური პლევრიტი დამიდგინდა. მოკლედ, იქაც გადამარჩინეს...
- ეკლესიური ადამიანი ხართ, როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება ეკლესიას?
- ღრმად მორწმუნე არ ვიყავი, მაგრამ მწამდა, რომ არსებობს უფალი, არსებობს უხილავი ძალა, არის ანგელოზი, მაგრამ ასე პირისპირ რომ შევხვედროდი და მეგრძნო ეს ყველაფერი, მსგავსი არაფერი ყოფილა. მართლა გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდა ამბავი, რომელიც 90-იანებში მოხდა... თავის და ოჯახის გადასარჩენად, რესტორანში უკვე წლებია ვმუშაობ. ერთ-ერთი რესტორნის მუსიკოსი გახლდით, ერთ საღამოს ჩემს კლავიშებთან ვიჯექი, ახალი შეძენილი მქონდა (საოცნებო ინსტრუმენტი) იყო, ვუკრავდი და ვმღეროდი ხალხისთვის სასიამოვნო მელოდიებს. უეცრად გაიხსნა კარი და შემოვიდა რამდენიმე თავზეხელაღებული ახალგაზრდა, რომლებმაც იქ დიდი არეულობა და ხმაური შემოიტანეს. ისეთი ამბავი ატეხეს, რომ იქ მათი ყოფნა აუტანელი გახდა. მე საქმეზე ვიყავი გასასვლელი, რაღაც სხვა ღონისძიებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა და ორგანიზატორებთან დეტალები მქონდა გასავლელი. ამიტომ რესტორნის დირექციას, სადაც ვიყავი, ბოდიში მოვუხადე, საქმეზე უნდა გავიდე-მეთქი. მოლაპარაკებიდან რესტორანში რომ დავბრუნდი, ფეხდაფეხ მილიციის თანამშრომლები შემომყვნენ. იქ იმ ახალგაზრდების საწინააღმდეგოდ ვიღაცას გამოეძახა. მოვიდნენ, დააპატიმრეს და წაიყვანეს, მაგრამ ის ხალხი ისევ უკან დაბრუნდა... იხილეთ სრულად