რა თქვეს მწვრთნელებმა ისტორიული მატჩის შემდეგ, რა შეფასება მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და გერმანიაში ვისთან და როდის ითამაშებს ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე?
ისტორია დაწერილია - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ურთულეს და ძალიან დაძაბულ მატჩში საბერძნეთის ეროვნული გუნდი "დინამო არენაზე" დაამარცხეს.
მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ამ ე.წ. საფეხბურთო ლატარიაში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.
მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ემოციური გამოდგა.
ვილი სანიოლი:
"ადრე შეიძლება ბევრი ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებიდან უნდა წავსულიყავი, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი, რომ შედეგებს თვეები და წლები სჭირდება. სიმართლე გითხრათ, წასვლაზე არც არასდროს მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემს ირგვლივ პროფესიონალები არიან, მათთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა...
პენალტებზე საკმაოდ ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც პენალტების სერია გიწევს, არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს და შესაბამისად, ვინ დაარტყამს. ინდივიდუალურად ვისაუბრეთ და გავიგეთ, ვინ იყო მზად დასარტყმელად.... ქოჩორაშვილმა პირველმა თქვა, მე დავარტყამო და არც გამკვირვებია - ის ფანტასტიკური პიროვნებაა, ძლიერი ხასიათი აქვს და ნაკრებში სიტუაცია მისი გამოჩენის შემდეგ შეიცვალა."
ზოგადად, არ მინდა ფეხბურთელები გამოვყო, ყველა კარგია, თუნდაც დვალი, რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა, მისი შესრულებული პენალტიც მისი თამაშის ამსახველი იყო. ასევე, დავითაშვილმა, მიქაუტაძემ, არავინ მინდა გამომრჩეს... აუცილებლად მინდა აღვნიშნო კვეკვესკირი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების მერე ყველაზე მეტს ტიროდა. მას არ უწევს ბევრი თამაში, მაგრამ ბოლო პენალტი დაარტყა და კარგი მაგალითია ეს ყველაფერი, ძლიერი ხასიათი აჩვენა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს!" იხილეთ სრულად