"მექსიკაში რომ ჩავიდნენ, ამ ბიჭმა სასტუმროში გადაღებული ფოტოები დადო და..." - რას ჰყვებიან მექსიკაში გატაცებული ქართველების ახლობლები და რას ითხოვენ გამტაცებლები | Allnews.Ge

"მექსიკაში რომ ჩავიდნენ, ამ ბიჭმა სასტუმროში გადაღებული ფოტოები დადო და..." - რას ჰყვებიან მექსიკაში გატაცებული ქართველების ახლობლები და რას ითხოვენ გამტაცებლები

სოციალურ ქსელში მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა და ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან. ამ ინფორმაციის მიხედვით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, თურმე 90 000 დოლარს ითხოვენ. ვრცელდება ცნობები, რომ მძევლებს შორის ქალებიც არიან. ერთ-ერთმა გატაცებულმა ქართველმა ახლობელს და ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოუგზავნა და დახმარება ითხოვა.

"მიშო, ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ ქართველები და 90 ათასს ითხოვენ. საქართველოში ვაცნობეთ, დედამ იცის, ყველა ფეხზეა. შეიძლება ცოტა ხანში ტელეფონი ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ, სულ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას. მიშო, იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ 2 ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი რატომ", - წერს გატაცებული ახლობელს და შველას ითხოვს.

როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, ამ ახალგაზრდა ბიჭთან კომუნიკაცია 14 მარტს შეწყდა და მას შემდეგ ვერც ოჯახი და ვერც ახლობლები ვერ უკავშირდებოდნენ.

"ჩვენთან იყო რამდენიმე დღე ესპანეთში. 14 მარტს უნდა გადასულიყო საზღვარზე. სანამ მექსიკაში შევიდოდა, 3-ჯერ გაექცნენ პოლიციას. მექსიკაში რომ ჩავიდნენ, ამ ბიჭმა სასტუმროში გადაღებული ფოტოები დადო. მშვიდად ვიყავით, გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. 14-დან უკვე გათიშული იყო ტელეფონი, 2 დღე არ გამოსულა კონტაქტზე, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით. ვინც მასთან ერთად იყო, ვერც იმას ვერ დავუკავშირდით. გვეგონა, რომ მექსიკის პოლიციაში იყო. ირკვევა, რომ გატაცებულია, ძალიან ვღელავთ", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომლის მიხედვით, უწყება კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან. იხილეთ სრულად

myquiz