რამ გამოიწვია სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება? - „თბილისი ენერჯის“ პასუხი | Allnews.Ge

რამ გამოიწვია სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება? - „თბილისი ენერჯის“ პასუხი

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ძლიერი აფეთქების მიზეზი, შესაძლოა, ბუნებრივი აირის დაგროვება იყო, თუმცა აღნიშნული ვერსია ჯერჯერობით დადასტურებული არაა. ამის შესახებ BMG-ს „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ განუცხადა.

"თბილისი ენერჯიში" განმარტავენ, რომ ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და შესაძლოა, გაზის ქსელთან სათანადო მოპყრობა არ მოხდა.

„არსებობს ვერსია, რომ აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი აირის დაგროვებამ. ეს ვერსია საიდანაც წამოვიდა, ისაა რომ აღნიშნულ ფართში, სადაც აფეთქება მოხდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სამუშაოების წარმოებისას, გაზის ქსელთან დაუდევრობას შეიძლება ჰქონოდა ადგილი. თუმცა ამ ვერსიას ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ, იქიდან გამომდინარე, რომ კორპუსის მასშტაბური დაზიანებაა, არ მოგვეცა საშუალება ადგილზე დეტალურად შეგვესწავლა საკითხი. ჯერჯერობით, დაზუსტებით არ შეგვიძლია ვთქვათ, რამ განაპირობა აფეთქება. ვმუშაობთ ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად“, - უთხრა BMG-ს „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა.

myquiz