„ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა“ - უცხოენოვანი ტაქსისტების პრობლემები თბილისში | Allnews.Ge

„ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა“ - უცხოენოვანი ტაქსისტების პრობლემები თბილისში

„ყოფილა შემთხვევები, გამოვიძახე აპლიკაციით ტაქსი და ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა“ - თბილისში უცხოენოვანი ტაქსისტების პრობლემებზე რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ და ტაქსის მძღოლმა დავით როჭიკაშვილმა ისაუბრეს.

როგორც დავით როჭიკაშვილი აცხადებს, მას თავადაც ჰქონია შემთხვევა, როდესაც ტაქსით სარგებლობის დროს უცხოენოვანი მძღოლი შეხვდა, რომელსაც ვერ გააგებინა, სად სურდა წასვლა. ასევე არაერთხელ მოუსმენია მსგავსი ჩივილი სხვისგან.

„ყოფილა შემთხვევები, გამოვიძახე აპლიკაციით ტაქსი და ვერანაირ ენაზე ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა: ვერც ქართულად, ვერც რუსულად, ვერც ინგლისურად. ამ ქვეყნის მკვიდრი არცერთი ეთნოსის წარმომადგენელი არ იყო, უბრალოდ იყო ადამიანი, რომელიც თავის დიალექტზე საუბრობდა. უბრალოდ ვერ გავაგებინე, სად მინდოდა წასვლა. ამის გამო რამდეჯერმე მომიწია, მანაქანიდან უკან გადმოვსულიყავი.

სხვებსაც უთქვამთ, რომ არასწორი მიმართულებით წაიყვანა ასეთმა ტაქსისტმა, იმიტომ, რომ ვერ გაიგო ნათქვამი“ - აცხადებს ტაქსის მძღოლი.

myquiz