შალვა პაპუაშვილი - ვერავინ წარმოიდგენდა 5-10 წლის წინ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერს მოუწევდა მტკიცება, რომ ქალი ქალია, კაცი -კაცი - ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, სადაც სხვა ქვეყნები უკვე აღმოჩნდნენ
ვერავინ წარმოიდგენდა 5-10 წლის წინ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწევდა იმის მტკიცება, რომ ქალი ქალია, კაცი - კაცი, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დღეს დიდ ბრიტანეთში არის ასეთი მდგომარეობა, რომ პრემიერ-მინისტრს უწევს ამაზე საუბარი - ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, სადაც სხვა ქვეყნები უკვე აღმოჩნდნენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომლის წარდგენასაც უმრავლესობა გეგმავს.
მისივე თქმით, „ერთი მხრივ, სრულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანის უფლებები, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების უფლებები, დაცული იყოს მანკიერი პროპაგანდისგან“.
„ოპოზიციის მხარეს საეჭვო სიჩუმეა, ფაქტია, ამ საკითხს ან თავს არიდებენ ან სურთ რომ გააუბრალოონ ეს საკითხი. თუმცა, სინამდვილეში საქმე სულაც არ არის სახუმაროდ და სერიოზულ საკითხთან გვაქვს საქმე. ვერავინ წარმოიდგენდა 5-10 წლის წინ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწევდა იმის თქმა და მტკიცება, რომ ქალი ქალია, კაცი - კაცი. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დღეს დიდ ბრიტანეთში არის ასეთი მდგომარეობა, რომ პრემიერ-მინისტრს უწევს ამაზე საუბარი. ეს ყველაფერი, ჩვენი გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ სხვადასხვა დაფინანსებებით თუ მანქანებით გადმოედინება ხოლმე საქართველოში. ამიტომ მნიშვნელოვანია, აქედანვე ცხადი იყოს, რა არის ქართული საზოგადოების პოზიცია. ამიტომაც ჩვენ აბსოლუტური ღია დისკუსია შევთავაზეთ ყველას, იქნება ეს ოპოზიცია თუ თუნდაც, NGO სექტორი, რომ ჩაერთონ ამ საკითხში, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ ისინი იმალებიან და საზოგადოებას ემალებიან ამაზე სასაუბროდ. ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. წინასაარჩევნოდ გავლენ შემდეგ სოფლებსა და ქალაქებში და ამ სიჩუმის გამო მიიღებენ პასუხს, ვინაიდან ამ საკითხზე სიჩუმე ნიშნავს პროპაგანდის მხარდაჭერას. რაც შეეხება NGO სექტორს, აქ გასაკვირი ბევრი არაფერია. მე მახსოვს, ჯერ კიდევ კონსტიტუციური რეფორმის დროს, 2017 წელს, როცა ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო, ერთობლივი განცხადებაც კი იყო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ ქორწინების დეფინიციას როგორც ორ სხვადასხვა სქესს შორის კავშირს იმ მოტივაციით, რომ უნდა იყოს დაშვებული მათ შორის, ერთნაირ სქესიანთა ქორწინების. დღეს ვხედავთ რომ ენჯეო სექტორი ჩუმად არის, თუმცა, სხვა დროს ამ საკითხზე გარკვეული პოზიციები დაფიქსირებული აქვთ. ეს არის სერიოზული თემა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას უდგას და ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, სადაც სხვა ქვეყნები უკვე აღმოჩნდნენ, როცა ამ მანკიერი წრიდან გამოსვლა უჭირთ და შემდეგ პრემიერ-მინისტრების დონეზე უწევთ განცხადებების კეთება. ჩვენ აქამდე არ უნდა შევიდეთ, რადგან შემდეგ რთულია ამ მანკიერი წრის გარღვევა.
დრო არის იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, თუ როგორ მოხდეს იმის ჩამოყალიბება, რომ ერთი მხრივ, სრულად უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების უფლებები, რომ მანკიერი პროპაგანდისგან იყოს დაცული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.