ახალი მარშრუტი, რომელზეც დღეიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
დღეიდან, 2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ ერთ ახალ მარშრუტზე დაიწყებს მოძრაობას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ N308 მარშრუტზე, რომელიც გლდანის ტბას და ბარათაშვილის ძეგლის (მოპირდაპირედ) ტერიტორიაზე მოძრაობს და 47 გაჩერება აქვს.
ცნობისთვის, ახალი ავტობუსები უკვე ემსახურებიან N302-ის მგზავრებს, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის და დიდი დიღომი IV მ/რ #6-ის (მოპირდაპირედ) მიმართულებით მოძრაობს.
ამასთან, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები უახლოეს დღეებში გავა ასევე N314-სა (მოძრაობს დიდი დიღომი IV მ/რ #6-ს და ბარათაშვილის ძეგლს (მოპირდაპირედ) შორის) და N301-ზე (ქვედა მელითონეთა დასახლებას და პოლიტკოვსკაიას ქუჩა #16-ს შორის).
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალ 18-მეტრიან ავტობუსებს სამივე - N308, N314 და N301 მარშრუტებზე 2 მარტიდან უნდა დაეწყო მოძრაობა, თუმცა, როგორც ახლა გახდა ცნობილი, დღეიდან მხოლოდ გლდანი-ბარათაშვილის (N308) მიმართულებით, მოემსახურება მგზავრებს.