12 შეცდომა, რომელსაც გამოცდილი დიასახლისებიც კი უშვებენ
როგორ მოვამზადოთ გემრიელი კერძები და ამასთან, არ დავუშვათ თუნდაც ელემენტარული შეცდომა, როგორ გავხადოთ საკვები ნამდვილად მადისაღმძვრელი და რაშია რესტორნის კერძების ხიბლი? - თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით პასუხები ამ კითხვებზე, ნახეთ ჩვენი რჩევები!
1. თევზი მიგეწვათ? ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა გამოცილი დიასახლისების სამზარეულოებშიც კი. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნო შემთხვევა? - მომზადებამდე 15 წუთით ადრე მოაყარეთ მარილი არა მარტო თევზის ნაჭრებს, არამედ იმ ცხიმსაც, რომელშიც ის უნდა შეწვათ. ამ შემთხვევაში თევზი არა თუ მიგეწვებათ, არამედ ნაჭრები მთელი დარჩება და არ ჩაიშლება.
2. გადავავლოთ თუ არა წყალი მაკარონს? მაკარონზე წყლის გადავლების "მოდამ", რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოდის, დღეს აქტუალობა დაკარგა. თუ წინათ მაკარონს ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილისგან ამზადებდნენ და მას ჰქონდა თვისება, მოხარშვის შემდეგ შეწებებოდა ერთმანეთს, ახლა, როგორც წესი, მაგარი ხორბლის ჯიშისგან მზადდება. სხვათა შორის, მაკარონის ნახარშს იტალიელი დიასახლისები პასტის სოუსების მოსამზადებლად იყენებენ, ასე რომ, როცა მაკარონს მოხარშავთ, წყალს ბოლომდე ნუ გადაუღვრით.
3. შეიძლება თუ არა ზეითუნის ზეთში შეწვა? ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს მოყვარულებს ხანდახან უჩნდებათ სურვილი, ზეითუნის ზეთი შეწვის დროსაც დაუმატონ. თუმცა, სჯობს, იგი უფრო ცივი კერძებისა და სალათების მოსამზადებლად გამოიყენოთ. ზეთის extra virgin წვის ტემპერატურა ძალიან დაბალია, ამიტომ არსებობს საშიშროება, რომ მისი შეწვის შემთხვევაში თქვენ გააფუჭებთ კერძს დამწვარი ზეთის სპეციფიკური გემოთი და ამავდროულად მიიღებთ კანცეროგენების მთელ პორციას.
4. როდის დავუმატოთ პომიდორი სუპში ან სხვა ცხელ კერძებში? როდესაც საჭმელს ვამზადებთ, ერთი სული გვაქვს ქვაბში ყველა ინგრედიენტი ჩავყაროთ, მაგრამ პომიდორთან მიმართებაში ასე მოქცევა სწორედ რომ არ შეიძლება. მჟავა (მას პომიდორი დიდი რაოდენობით შეიცავს) აჩქარებს ხორცის მომზადებას, მაგრამ საპირისპიროდ მოქმედებს ბოსტნეულზე. ასე რომ, თუ თქვენ სუპს ამზადებთ, პომიდორი ან ტომატი უნდა დაუმატოთ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სხვა ბოსტნეული: სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო მოიხარშება. ხოლო თუ ხორცს შუშავთ, მაშინ პომიდორი დასაწყისშივე დაუმატეთ და ხორცი უფრო რბილი გამოვა.
5. მოვხადოთ თუ არა ჭურჭელს თავსახური კარტოფილის ხარშვისას? კარტოფილის ხარშვისას წყალი რომ არ გადმოვიდეს, დიასახლისების უმრავლესობა ჭურჭელს თავსახურს ხსნის, არადა, ეს არამც და არამც არ შეიძლება. თუ კარტოფილსა და სხვა ბოსტნეულს დახურულ თავსახურიან ჭურჭელში მოხარშავთ, ვიტამინები მათში ნაკლებად განადგურდება, პროდუქტი კი უკეთ შეინარჩუნებს თავის არომატს და სასარგებლო თვისებებს. ამასთან ერთად, ბოსტნეული ამ სახით უფრო სწრაფად იხარშება.
6. გადავღვაროთ ბოთლში ჩარჩენილი ღვინო? ღვინო დროთა განმავლობაში კარგავს თავის გემოვნურ თვისებებსა და არომატს, მაგრამ მაინც ნუ იჩქარებთ ბოთლში დარჩენილი სასმელის გადაღვრას. წითელი ღვინო შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორციან კერძებში (მაგ: ძროხის ხორცი ბურგუნდიულად) ან მოამზადოთ მისგან სოუსი ბოლონეზე პასტისთვის. მით უმეტეს დღევანდელი ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, როცა ხარისხიანი ღვინის ბოთლის გახსნა მხოლოდ კერძების მოსამზადებლად ბევრი ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომი სულაც არ არის. იხილეთ სრულად