"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა... 2023 წელს გეოლოგები მყავდა ნერგეეთში მიყვანილი" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყრის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით, 200-მეტრიან მონაკვეთზე.
მერის წარმომადგენელი სოფელ ნერგეეთში გოჩა გოგოლაძე:
- სოფელ ნერგეეთში დასრულდა სამძებრო სამუშაოები და ნაპოვნია ყველა გარდაცვლილის ცხედარი. უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს სოფელში და მართლა მიჭირს საუბარი. სიტყვები არ მაქვს. რა უნდა ვთქვა, ამ მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ და საუბედუროდ ვერაფერს შევცვლით.
- ბატონო გოჩა, ხომ არ დაგჭირდათ სოფლიდან სხვა ოჯახების გასახლება?
- დიახ, 8 ოჯახი გავიყვანეთ თავიანთი სახლებიდან და ყველა დაბინავებულია. იქ არავინ არის ამ წუთას, მიმდებარედ ვინც იყო ის ოჯახები. მათი უმრავლესობა რობაქიძეები არიან, ერთია სოსელიას ოჯახი. ამ უბანში ძირითადად რობაქიძეები ცხოვრობენ. ზოგიერთი სახლი დაზიანდა, ხალხი ისეა შეშინებული, რომ დატოვა იქაურობა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება ავთო რობაქიძე, რომელიც მართლა სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. სამწუხაროდ უბედურ შემთხვევას შეეწირა მისი 20 წლის ქალიშვილი ნიაკო და ავთოს მეუღლე. ავთოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას მოტეხილობები აქვს, კლინიკაში რჩება და ჯერ არ აქვს ინფორმაცია ოჯახის წევრების დაღუპვაზე. ეს საშინელი ამბავი მას დღეს უნდა უთხრან. დედა- შვილის და ავთოს დედის დაკრძალვა სამშაბათს არის გადაწყვეტილი.
გუშინ იტალიიდან ჩამოვიდა დაღუპული სამი არასრულწლოვნის დედა, რომელსაც ეს საშინელი ამბავი დახვდა. ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს მას გარდაცვლილი, მეუღლე და სამი უსაყვარლესი შვილი. რა უნდა უთხრა ასეთ დროს ადამიანს. ცხედრები გვერდით სოფელში, დიმშია გადასვენებული მამიდის სახლში და იქიდან მოხდება გასვენება. კიდევ ორი გარდაცვლილი დედა-შვილია, ზოია ქაჯაია და მისი დედა, შუშანა უკლება. სამი ოჯახიდან 9 ადამიანია გარდაცვლილი. მართლა ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ძალიან ცუდად ვარ. იხილეთ სრულად