რატომ ვერ იმატებს ზოგი ადამიანი წონაში - ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რეკომენდაციები
ზედმეტი წონა რომ სერიოზული პრობლემაა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ახლა ამის საპირისპიროს თემას შევეხებით - როდესაც ადამიანს წონის დაკლება კი არა, პირიქით, მომატება სურს და იმის მიუხედავად, რომ კარგად იკვებება, კილოგრამსაც ვერ იმატებს.
რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ პრობლემა დაძლიოს. გვესაუბრება ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა:
- როდესაც საკვების გარკვეულ რაოდენობას ვიღებთ, ორგანიზმში მეტაბოლიზმი აქტიურად მუშაობს და ეს კალორაჟი ჩვენს კილოგრამებზე არ აისახება. ეს ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, არ არის მარტივი საკითხი. მოკლედ, თუ ასეთ წონაზე ვსაუბრობთ, ეს პათოლოგიაა. კი, თუ სიმაღლესთან მიმართებაში წონა არაადეკვატურია, ამ შემთხვევაში, პრობლემა გვაქვს ნივთიერებათა ცვლასთან.
ნივთიერებათა ცვლის პირველი პათოლოგიური ცვლილება შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან იყოს გამოწვეული, როდესაც კუჭ-ნაწლავში არ ხდება მინერალების, ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების, ცილის ადეკვატური შეწოვა. ეს ორგანიზმში კუნთოვანი ქსოვილის ზრდაზე მოქმედებს. აქ ისეთ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შეწოვა და მონელებაა - მას ცელიაკია ჰქვია.
წონაში არ მომატება შეიძლება ენდოკრინულ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, კერძოდ, თირეოტოქსიკოზთან. ასეთ დროს წონის კლება უნებლიედ ხდება და სიგამხდრემდე მივდივართ, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ, რომელსაც თირეოტოქსიკოზი ჰქვია, ე.წ. შხამიანი ჩიყვი. ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე მეტყველებს, ანუ ზედმეტი ჰორმონი გამოიყოფა.
- ზედმეტი ჰორმონის გამოყოფა ყოველთვის შხამიან ჩიყვს ნიშნავს?
- დიახ, ყოველთვის ტოქსიკურია და ორგანიზმისთვის მავნებელია.
- სიგამხდრის მიზეზი კიდევ რა შეიძლება იყოს?
- შესაძლებელია ის გამოწვეული იყოს ანორექსია-ნევროზით, რომელიც უფრო ფსიქო-ემოციური დაავადებაა და ენდოკრინოლოგიაში ნაწილობრივ განიხილება, მხოლოდ კვებითი ფუნქციის მოწესრიგებაში მონაწილეობს, დანარჩენი, ძირითადი პათოლოგიის განკურნებაზე პასუხისმგებელი ფსიქონევროლოგები არიან.
- რას უნდა მიექცეს ყურადღება?
- პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს დიაგნოსტირება, რომ დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე, რომლის მიხედვითაც შემდგომში შესაბამისი მკურნალობა უნდა დაიწყოს.
ძირითად შემთხვევაში, როდესაც პრობლემა სიგამხდრესთან გვაქვს, უმეტესად, ეს არასწორი კვების რეჟიმთანაა დაკავშირებული.მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ და გვგონია, რომ სწორად ვიკვებებით, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზმში ვერ შედის ჩვენთვის საყუათო მიკრო და მაკროელემენტები, რაც კუნთოვანი მასის გაზრდისთვის აუცილებელია.
მაშინ, როდესაც პაციენტს წონის მომატება უნდა, ისევე როგორც წონის კლებისას, სწორი მკურნალობა მხოლოდ ჯანსაღი, სწორი კვებაა, ანუ როდესაც ორგანიზმში შედის - მიკრო, მაკრო ელემენტები, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები და ვიტამინები...