„სად უნდა გადაგვიყვანონ 650 თანამშრომელი?!“ - „რესპუბლიკურიდან გაზიდეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა“
„ბატონ მინისტრს სჩვევია, ტელევიზიიდან გვიანონსებს ყოველთვის ახალ ამბებს, ამიტომ როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა, საპასუხო პროტესტს აუცილებლად მიიღებენ“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ნინო ოთარიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევას გეგმავს, სამედიცინო პერსონალს კი, სხვა კლინიკებში დასაქმებას, ან კომპენსაციას ჰპირდება.
„არც იმ დაპირების გვჯერა, რომ ჩვენ სადმე დაგვასაქმებენ, იმიტომ რომ მულტიპროფილური სახელმწიფო კლინიკა არის მხოლოდ რესპუბლიკური თბილისის, ბათუმის, ასევე, ცენტრალური საუნივერსიტეტო, რუხის კლინიკა და ქუთაისის „ჩხობაძე“, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და თავისით ინგრევა შენობა. ყველა კლინიკა დაკომპლექტებულია და მუშაობს, სად უნდა გადაგვიყვანონ 650 თანამშრომელი?! წარმოუდგენელია. თბილისში გამორიცხულია, „ჩხობაძე“ ინგრევა, ბათუმი მუშაობს, ერთადერთ რჩება რუხის კლინიკა, რომელიც არის ცარიელი, ახლა აკომპლექტებენ, რესპუბლიკურიდან გაზიდეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა, კოვიდის შემდეგ განყოფილებები რომ დაიკეტა, იყო აბსოლუტურად ახალი აპარატურა და საწოლები, ყველაფერი იქ გაიტანეს. ალბათ, შემოთავაზებაც ექნებათ რუხის კლინიკაში. გვეუბნებიან, ჩვენ დაველაპარაკებით კლინიკებს და მიგიღებენო. რომელი კლინიკებს დაელაპარაკებიან, კერძო კლინიკა რატომ მიმიღებს, ან სახელმწიფო, იგივე ლევან რატიანის კლინიკა რატომ მიმიღებს, როცა თავისი „სტაფი“ ჰყავს და მუშაობს?! 700 კაცს როგორ მიიღებს, წარმოუდგენელია.
პერსონალში საპროტესტო მუხტი ძალიან დიდია. ვაპირებთ შეკრებას და სამომავლო გეგმების დასახვას.
ბატონ მინისტრს სჩვევია, ტელევიზიიდან გვიანონსებს ყოველთვის ახალ ამბებს, ამიტომ როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა, საპასუხო პროტესტს აუცილებლად მიიღებენ. იხილეთ სრულად