"საპანიკო არაფერია..." - თენგიზ ცერცვაძე
ჯანმო-ს ბოლო ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით, გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით ინფიცირების მაჩვენებელი უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. არის თუ არა ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი დატვირთული და რამდენად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სექტორი რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სეზონურ ზრდას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ესაუბრა.
- ბატონო თენგიზ, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჩივის საერთო სისუსტეს, მაღალ ტემპერატურას, სახსრების ტკივილს. პარალელურად, პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება. რა შეგიძლიათ გვითხრათ, რა ვითარება გვაქვს დღეს ქვეყანაში?
- ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, გაზრდილია კლინიკების დატვირთვაც. ეს სინამდვილეა, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც ცალკეული ექსპერტები, თუ მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში „დრამატული ვითარებაა“, „კლინიკებში ადგილები აღარ არის“, „მშობლები ბავშვებით კლინიკის რიგში დგანან“. ობიექტური შეფასებით, ქვეყანაში რესპირაციული ინფექციებით პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურად არ არის საჭირო ამის დრამატიზება, საპანიკო არაფერია. ეს ზრდა მოსალოდნელი იყო. გასული სამი წლის განმავლობაში იმიტომ იყო რესპირაციული ინფექციების ნაკლები რაოდენობა, რომ მაშინ COVID-19 დომინირებდა, სახელმწიფო და მთელი მსოფლიო ეფექტიან საპასუხო ზომებს იღებდა, ეს იყო პირბადის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება, მასობრივი შეკრებების შეზღუდვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რესპირაციული ინფექციების გავრცელების პრევენციას ახდენდა. შედეგად, ყველა ამ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, ბოლო 3 წელი შემცირებული იყო. წელს, როდესაც COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, რესპირაციული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა იმ ფარგლებში, რაც COVID-19-მდე იყო.
ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად მხოლოდ გრიპისგან საშუალოდ 290 000-650 000-მდე ადამიანი იღუპება.
საქართველოში, გასულ წელს გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 20-მდე შემთხვევა გვქონდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 2024 წელს გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. თითქოს, ბევრია რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, მაგრამ ამ დროს, ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს.
- თქვენ აღნიშნეთ სტაციონარების დატვირთვა. უფრო დეტალურად რომ განმარტოთ, რა ვითარება გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორში?
- გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია. ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაიზარდა, მაგრამ არავითარ გადატვირთვას არ აქვს ადგილი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის. შესაძლოა, რომელიღაც ბავშვთა საავადმყოფოში რამდენიმე დღით გადაიტვირთა კლინიკა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ უამრავი სხვა კლინიკა გვაქვს. ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი სანახევროდ არის დატვირთული. თუ რესპირაციული ინფექციებით ბავშვთა რაოდენობამ იმატა, რატომ არ მიჰყავთ ისინი მაგალითად, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც თავისუფალი ადგილები საკმარისადაა, ისევე როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ფუნქციონირებს ბავშვთა ინფექციების განყოფილება 40 საწოლზე? ასე რომ, ქვეყანაში საწოლფონდის არანაირი გადატვირთვა არ არის. ადგილები საკმარისზე მეტი გვაქვს.
ზოგადად სამედიცინო სექტორი კარგად მომზადებული შეხვდა რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სეზონურ ზრდას. ზოგი ჭირი მარგებელია, COVID-19-მა, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანას, ამავე დროს ხელი შეუწყო ჯანდაცვის სისტემის სერიოზულ გაძლიერებას რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით, კერძოდ: კლინიკების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები გადამზადდა, წამყვანი სპეციალისტები განუწყვეტლივ ატარებდნენ ტრენინგებს, გაძლიერდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეიქმნა „გაიდლაინები“, დაინერგა მართვის თანამედროვე მიდგომები და მეთოდები, შემოდიოდა ახალი მედიკამენტები, აეწყო COVID-19-ის მართვის სისტემა. საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა COVID-19-ის გამოწვევებს და რომელმაც 2022 წლის მაისიდან COVID-19 ფატალური ინფექციიდან რიგით მართვად რესპირაციულ ინფექციად გადააქცია მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ ამას მხოლოდ 2023 წლის მაისში მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა არ აღემატება ან მხოლოდ მცირედით აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით გამოწვეულ სიკვდილიანობას. COVID-19 აღარ ახდენს ნეგატიურ გავლენას მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.
- ზოგადად, როგორია რესპირაციული ინფექციების გავრცელების სტატისტიკა?
- რესპირაციული ინფექციების დაახლოებით ნახევარი - 50% გრიპზე მოდის. ამასთან, პრაქტიკულად, ყველა დადასტურებულ შემთხვევაში დაფიქსირებულია A ტიპი. B ტიპის გრიპი, პრაქტიკულად, არ ფიქსირდება. A ტიპის გრიპიდან ყველაზე მეტი - 37% მოდის H1N1 სუბტიპზე, რომელიც 2009-2010 წლებში, ე.წ. „ღორის გრიპის“ პანდემიის სახელით იყო ცნობილი. სიტყვა „ღორის გრიპი“ საზოგადოებამ აიტაცა, თორემ სინამდვილეში ის არ იყო „ღორის გრიპი“. ის იყო 4 სხვადასხვა გრიპის ვირუსის გენეტიკური მასალის შერწყმით მიღებული შტამი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო „ღორის გრიპი“ დაერქვა. ამასთან ეს ვირუსი მხოლოდ 2009-2010 წლებში იყო პანდემიური, ხოლო შემდეგ ის გადაიქცა ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად და სწორედ ეს ვირუსი ცირკულირებს ამჟამად საქართველოში. ამიტომ არ არის გამართლებული მისი მოხსენიება პანდემიურ „ღორის გრიპად“ და ამით მოსახლეობაში პანიკის შექმნის ხელშეწყობა. 6% მოდის A ტიპის გრიპის H3N2 ქვეტიპზე, ხოლო 8%-ში სუბტიპი არ არის იდენტიფიცირებული.
ბოლო სტატისტიკის მიხედვით, გრიპის შემდეგ მეორე ადგილზეა რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი -17%, რომელიც აავადებს როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია 2 წლამდე ბავშვებში, რომლებშიც ის იწვევს ბრონქიოლიტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ აღნიშნული ინფექციით გარდაცვალების შემთხვევები არ გვქონია.
რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის შემდეგ მოდის ადენოვირუსი - 9%, რინოვირუსი - 8%, პარაგრიპის ინფექცია - 6%, ბოკავირუსები - 3% და არა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსები - 3%.
ასევე მინდა ვისაუბრო გრიპის კლინიკურ მიმდინარეობაზეც. როგორც წესი, გრიპი მიმდინარეობს უფრო მძიმედ, ვიდრე სხვა რესპირაციული ვირუსები, გარდა COVID-19-სა. გრიპი უეცრად იწყება, მაღალი ტემპერატურით, ინტოქსიკაციით, სახსრების და კუნთების, თავის ტკივილით. როგორც წესი, გამოხატულია საერთო სისუსტე, მშრალი ხველა. იშვიათია სურდო და სხვა კატარული მოვლენები. ეს უკანასკნელი უფრო ახასიათებს სხვა რესპირაციულ ინფექციებს, რომლებსაც ხშირად ე.წ. გაციებით დაავადებების კრებითი სახელით მოვიხსენიებთ. თუ გრიპი უეცრად იწყება, ისინი თანდათან იწყებიან, ცხელება ზომიერად, ან ნაკლებად არის გამოხატული. ასევე, ნაკლებად გამოხატულია საერთო სისუსტე და ინტოქსიკაცია.
არსებობს სწრაფი/მარტივი ტესტები, რომლებიც ადგენს, აქვს თუ არა ავადმყოფს COVID-19 ან გრიპი. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ვისაც აღმოაჩნდება რესპირაციული ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, პირველ რიგში ჩაიტაროს ტესტირება COVID-19-ზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს, რომელიც განახორციელებს მართვას სპეციალური პროტოკოლით ბინაზე, ან მძიმე შემთხვევაში მისცემს ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციას. თუ ტესტირებით COVID-19 არ დადასტურდა, შემდეგ უნდა ვიფიქროთ გრიპის, ან სხვა ვირუსებით გამოწვეულ რესპირაციულ ინფექციაზე. სპეციფიკური მკურნალობა ანტივირუსული მედიკამენტებით აქვს მხოლოდ COVID-19-ს და გრიპს, დანარჩენ რესპირაციული ინფექციების დროს ძირითადად შემოიფარგლებიან ე.წ. ხელშემწყობი მკურნალობით. მართალია, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით ინფექციის სამკურნალოდ მოწოდებულია ანტივირუსული მედიკამენტი რიბავირინი და მონოკლონური ანტისხეულები (პალივიზუმაბი და ნირსევიმაბი), მაგრამ მათი ეფექტიანობა ბოლომდე დადასტურებული არ არის. ამიტომ ამერიკის FDA ამ მედიკამენტების გამოყენებას რეკომენდაციას უწევს მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში და არ უწევს რეკომენდაციას მათ რუტინულ ხმარებას. განაგრძეთ კითხვა