"ბავშვს 39 გრადუსამდე სიცხის დამწევი საშუალებაც არ სჭირდება, თუ გამომწვევი მიზეზი ცნობილია და სწორედ არის მართული" - რას ამბობს ცნობილი პედიატრი ბავშვებში გავრცელებულ გრიპის ვირუსებზე?
უფროსებში 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც შესაძლოა, 5 დღეზე მეტხანსაც გაგრძელდეს, თავის, სახსრების, კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე, ბავშვებში - მოთენთილობა, ხანგრძლივი ძილი, საკვებზე უარის თქმა - ეს არის ძირითადი სიმპტომები, რაც წელს გავრცელებული გრიპის ვირუსებისთვის არის დამახასიათებელი.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე მედიასთან ამბობს, რომ ამჟამად გავრცელებულია გრიპის ორი ტიპის ვირუსი - H1N1 და H1N2. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელება პიკს იანვრის ბოლო ორ კვირაში მიაღწევს.
პედიატრები, სოციალურ ქსელში წერენ, რომ პაციენტების მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია, ასევე შეშფოთებულები არიან, რომ შესაძლოა, მალე საწოლფონდი გადაიტვირთოს, რადგან ბავშვების დიდი ნაწილის შემთხვევაში აუცილებელია სტაციონარში მკურნალობა.
შეშფოთებას არ იზიარებს ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე. ის Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მართალია, პაციენტების მომართვიანობა გაზრდილია, მაგრამ საერთო სურათი არ შეცვლილა, რადგან იგივე მდგომარეობაა ყოველ წელს, რაც ზომიერი კლიმატის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.
თემურ მიქელაძე:
- დიახ, გაიზარდა მომართვიანობა, მაგრამ ამ სეზონზე ყოველთვის იმატებს ვირუსული ინფექციის და განსაკუთრებულად, გრიპის შემთხვევები. ასე იყო 5 წლის წინაც და შემდეგი ხუთი წელიც ასე იქნება. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
წელს, უფრო მეტად ცირკულირებს H1N1 ტიპის ვირუსი, რომელსაც ახასიათებს მაღალი ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, ხველა, ყელის ტკივილი. სიცხე გრძელდება დაახლოებით 5-7 დღე. შემდეგ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. მაგრამ, შესაძლოა იყოს რიგი გართულებებებიც, განსაკუთრებულად ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში. ამისთვის მათ უნდა ჩაუტარდეთ გრიპის ვაქცინაცია.
- ხშირად გვესმის, რომ წელს ვირუსი ფილტვების ანთებით რთულდება.
- ფილტვების ანთებით რთულდება გრიპის ყველა ვირუსი, ამას სჭირდება მონიტორინგი, რომ ვირუსს თან არ ახლდეს ბაქტერიული ინფექცია. რაც მოითხოვს ანტიბიოტიკის ჩართვას მკურნალობის პროცესში. რთულდება ისე, როგორც რთულდებოდა აქამდეც, განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე.
- თუმცა ვკითხულობთ შეშფოთებულ კომენტარებს, რომ შესაძლოა საწოლფონდი გადაიტვირთოს, რადგან ბავშვების დიდი ნაწილი კლინიკაში რჩება. თქვენი პაციენტების შემთხვევაში, ბევრს დაჭირდა სტაციონარში მოთავსება?
- ამ სეზონის განმავლობაში რამდენიმე ასეულ პაციენტს ვუმკურნალე და მათგან მხოლოდ ორი-სამი ბავშვი მოვათავსეთ კლინიკაში. პნევმონიით არავინ დამიწვენია, რადგან ფილტვების ანთება იმართება ბინის პირობებში, ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა მქონდა.
ზოგადად, ჩემი შეხედულებაა, რომ ცხელების გამო არ უნდა დააწვინო პაციენტი კლინიკაში. და ის საწოლფონდი უნდა შევინახოთ მძიმე პაცინეტებისთვის. ორი და ოთხდღიანი ცხელების გამო არ უნდა ხდებოდეს პაციენტის მოთავსება კლინიკაში, თუ ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, თუ გამომწვევი მიზეზი ცნობილია და სწორედ არის მართული, სიცხის დამწევი საშუალებაც არ სჭირდება ბავშვს 39 გრადუსამდე.
თუ პაციენტს ანამნეზში აქვს რაიმე ქრონიკული პათოლოგია, გულყრა ან ნევროლოგიური დარღვევები, უფრო ნაკლებ ტემპერატურაზეც ვიყენებთ დამწევ საშუალებას. იხილეთ სრულად