"ადამიანები ვეღარ მცნობენ, გარეგნულად შევიცვალე" - როგორ ცხოვრობს დღეს გოგონა, რომელიც ყველას "კომედი შოუდან" ახსოვს?
ალბათ "კომედი შოუდან" ბევრს გახსოვთ თიკო ბულია. პატარა, მხიარული გოგონა ახლა უკვე თინეიჯერია და სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" სევდიანი მარიამის როლს ასრულებს...
- მას მერე, რაც კარიერა დავიწყე, დედასთან, მეგობრებთან ნათქვამი მქონდა, რომ ჩემი ოცნება ფილმში ან სერიალში თამაში იყო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ისე მოხდა, რომ სკოლაში ვიყავი, როცა დედამ მომწერა - სერიალში შენი გადაღება უნდათო. იმ დროს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო! გადაღებაზე წავედი... რა თქმა უნდა, გადაღების არეალი ჩემთვის ყველანაირად კომფორტის ზონაა. ჯერ ერთ სცენაში გადამიღეს, შემდეგ სცენები ერთმანეთს მიჰყვა და ამჟამად სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" ვთამაშობ.
- თავიდანვე იცოდი, როგორი როლი უნდა შეგესრულებინა?
- პირველი სცენის სცენარი რომ გამომიგზავნეს, არ ვიცოდი, როგორი პერსონაჟი უნდა განმესახიერებინა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მარიამი "მერქვა". ყველაფერი ადგილზე გავარკვიეთ.
- როგორი გოგოა მარიამი?
- ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანია: ძალიან მორიდებული, მორცხვი... თითქოს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, არავის აწუხებს. თავისებურად სევდიანია. იმასაც აღვნიშნავ, რომ ცოტათი გაჭირვებული ოჯახიდანაა.
- როლი როგორ მოირგე?
- სხვათა შორის, როლის მორგება არ გამიჭირდა, რადგან ყოველთვის წარმომედგინა, ჩემგან განსხვავებული ადამიანის როლს როგორ ვითამაშებდი. სერიალში თამაში ჩემთვის საინტერესო და ახალი გამოწვევაა. თან, სრულიად განსხვავებული პერსონაჟი ამ გამოწვევას მრავალფეროვნებას სძენს. მეგობრებმა, ახლობლებმა მითხრეს, - თითქოს მარიამის როლი არ გიხდებაო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავად ეს უფრო მომწონს, რადგან თითქოს სხვა ადამიანი ვხდები, როცა გადაღებაზე მივდივარ. ჩემთვის ახალი, მრავალფეროვანი და ბევრად სასიამოვნო სამუშაოა.
- საზოგადოებამ იუმორისტული შოუდან გაგიცნო. საინტერესოა, სერიალში სევდიანი როლით გამოჩენისას მაყურებელმა თუ გიცნო?
- საერთოდ, ბოლო დროს ადამიანები ვეღარ მცნობენ მხოლოდ იმის გამო, რომ გავიზარდე და ბევრად სერიოზული ვარ, ვიდრე ბავშვობაში ვიყავი. გარეგნულადაც ცოტათი შევიცვალე და ჩემი ცნობა უჭირთ. მერე, როცა ვეუბნები, ვინც ვარ, არ სჯერათ ხოლმე.
- ამის გამო, გული გწყდება?
- "კომედი შოუს" გამო, თავდაპირველად, მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყავი, რაც ცოტა არ იყოს, მიკვირდა - ჩემთვის გაუგებარი იყო, სრულიად უცხო ხალხი რატომ მოდიოდა, ფოტოებს მიღებდა, მეხუტებოდა... შემდეგ ამას მივეჩვიე და ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. რთულია, როცა რაღაცას მიეჩვევი, მერე კი - ეს მთავრდება, მაგრამ იმედი მაქვს, სერიალის გამო ჩემი პოპულარობა განახლდება. მგონია, ხალხი სერიალის პერსონაჟით - მარიამით დამიმახსოვრებს და არა - იმ თიკოთი, რომელიც "კომედი შოუში" იყო... იხილეთ სრულად