რა უნდა იცოდეთ უძრავი ქონების გასხვისება-გაჩუქებასა და თავდებობაზე - რა პასუხისმგებლობას კისრულობთ თითოეული ხელშეკრულების დადებისას: იურისტის რეკომენდაციები
გაზეთ "კვირის პალიტრაში" სამოქალაქო საკითხებზე შემოსულ მკითხველების შეკითხვებს პასუხობს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:
- მაქვს ბინა და მინდა ძმისშვილის სახელზე ჩუქება გავაფორმო. ამისთვის რა თანხის გადახდა მომიწევს და საჯარო რეესტრში რა საბუთებია საჭირო. ასევე მაინტერესებს, ჩემს ძმისშვილს ხომ არ ექნება რაიმე გადასახადი?
- თუ თქვენ გსურთ ბინა ჩუქებით გადაუფორმოთ ძმისშვილს, ამ შემთხვევაში თქვენსა და თქვენს ძმისშვილს შორის უნდა დაიდოს ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც უნდა წარადგინოთ საჯარო რეესტრში პირადობის დამადასტურებელ მოწმობებთან ერთად, ოპერატორის დახმარებით შეავსებთ განცხადებას. მომსახურების საფასური განისაზღვრება მისი ვადის მიხედვით და მერყეობს 150-დან 350 ლარამდე. ჩუქების საფუძველზე მიღებული საკუთრება არ იბეგრება, შესაბამისად, თქვენს ძმისშვილს არანაირი გადასახადი არ დაეკისრება.
- რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა ჩემი მეზობელი. მისი მემკვიდრე ამ დრომდე არ იფორმებს ქონებას და ბინა წლებია დაკეტილია. მე არა ვარ მისი მემკვიდრე, მაგრამ მაინტერესებს, როგორ შემიძლია გავარკვიო, ჰქონდა თუ არა ამ პირს სიცოცხლეში ანდერძი დაწერილი? ან როცა არ გამოჩნდება მემკვიდრე, ხომ არ არის მოსალოდნელი, ნოტარიუსმა დამალოს ანდერძის არსებობა. მგონი, ეს ადამიანი დაწერდა სიცოცხლეში ანდერძს, რადგან ბევრჯერ უსაუბრია ამაზე.
- არსებობს ანდერძის ორი ფორმა, შინაურული და სანოტარო ანდერძი. შინაურული ანდერძი გულისხმობს მოანდერძის ხელით შედგენილ ანდერძს, რომელსაც ისეთივე სამართლებრივი ძალა აქვს, როგორიც სანოტარო ანდერძს, თუმცა შინაურული ანდერძის არსებობის შესახებ ინფორმაცია ვერ ექნება ნოტარიუსს იქიდან გამომომდინარე, რომ შინაურული ანდერძი მოანდერძესთან ინახება. რაც შეეხება სანოტარო წესით შედგენილ ანდერძს, ის დგება ნოტარიუსთან. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ნოტარიუსი ანდერძის შინაარსს გაანდობს პირებს, რომელთა სახელზეც არის შედგენილი ანდერძი, შესაბამისად, თუ თქვენ არ ბრძანდებით მემკვიდრე, ინფორმაციას ვერ მიიღებთ, ვინაიდან წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.
- ჩემი ბანკის ვალი გადაცემულია სააღსრულებოსთვის. ვარ მოვალეთა რეესტრშიც, ახლა ვაპირებ ქვეყნიდან სამუშაოდ წასვლას. საზღვარზე ხომ არ შემექმნება პრობლემა?
- ფულადი ვალდებულების არსებობა არ წარმოშობს პირის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას. შესაბამისად, საზღვრის კვეთისას აღნიშნული ვალდებულება დაბრკოლებას არ შეგიქმნით.
- ჩემი სესხის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, ხანდაზმულიაო, მითხრეს. საქართველოში არ ვიყავი და, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მაქვს შანსი თანხის დაბრუნების?
- კანონით დადგენილია სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლების სამწლიანი ვადა, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ აღნიშნული ვადა გასულია, შეუძლებელია ვადის აღდგენა, არც იმას მიექცევა ყურადღება, იმყოფებოდით თუ არა საქართველოში.
- წლების წინ არაკანონიერად გამისხვისეს ბინა, იყო სასამართლო პროცესები, მაგრამ ვერ დავამტკიცე ჩემი სიმართლე. ახლა გავიგე, რომ რამდენიმე თვის წინ დაუკავებიათ ის ნოტარიუსი, რომელმაც მაშინ ეს უკანონობა ჩაიდინა. საქმეში ანალოგიური სქემით დაზარალებულები არიან. ამდენი წლის მერე შანსი მექნება, რომ ისევ წამოვიწყო დავა?
- აღნიშნული ფაქტი შეიძლება გახდეს საქმეზე სასამართლო წარმოების განახლების საფუძველი, ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო. მსგავსი საკითხი შესწავლას საჭიროებს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას აქვს თავისი საპროცესო ვადა და ამ ვადაში უნდა ჩაეტიოს მხარე. განაგრძეთ კითხვა