პოლონეთში დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე - მათ ბრალად 19 წლის გოგოს გატაცება ედებათ: რა ინფორმაციას ავრცელებს პოლონური პოლიცია
პოლონეთის პოლიციამ 19 წლის გოგოს გატაცებაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პოლიცია ავრცელებს.
"1-ელ დეკემბერს, საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და მისი 19 წლის ქალიშვილის, სამი ქართველის მიერ, გატაცების შესახებ განაცხადა. კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელებმა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცებისა და ავტომობილის იდენტიფიცირება მაშინვე მოახერხეს. ბრალდებულების დაკავება ვერუშუვის ერთ-ერთ ბინაში მოხერხდა. დაკავებული არიან 38, 37 და 33 წლის მამაკაცები“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლონეთის პოლიციის ცნობით, 19 წლის გოგოს, რომელიც პოლიციამ გაათავისუფლა, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.
საქმეზე გამოძიებას სკიერნიევიცის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. ბრალდებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.