"დამიწერეს, რომ ვარ მახინჯი... ცოტა ხნის წინ მუცელი მომეშალა, ამ კომენტარებმა თუ ბედნიერება მოგანიჭათ, მიხარია" - ნუკი კოშკელიშვილის პასუხი ბულინგზე და მიმართვა გამომწერებს
ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მიმართავს სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებს, რომლებიც მის მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან და ნეგატიური შინაარსის კომენტარებს უწერენ.
"არ მჩვევია პოსტების გამოხმაურება, მაგრამ მომინდა. წინა პოსტზე ვიღაცებმა დამიწერეს, რომ ვარ მახინჯი. როცა ადამიანი მახინჯია, ასე თქმა არ შეიძლება, უზრდელობაა. ვარ მახინჯი, მეტსაც გეტყვით დიდი ცხვირი მაქვს, დაღრეცილი ტუჩი, დაბადებიდან მაქვს კუნთის დისტროფია, მაქვს თხელი თმა, ვცხოვრობ ჩვეულებრივ, ანგრეულ ბინაში, ახლა, სულ ცოტა ხნის წინ მუცელიც მომეშალა, ჩემმა შვილმა ლაპარაკი დაიწყო 4 წლის ასაკში, ალბათ, დედადაც არ ვარგივარ, რაც შეეხება ამ კომენტარებს, თუ ამან თქვენ ბედნიერება მოგანიჭათ, მიხარია. წარმატებებს გისურვებთ, მე შევხედე ყველას პროფილს და ძალიან ლამაზები იყავით ყველანი, ყოველ შემთხვევაში ჩემს თვალში.
კიდევ იყო რამდენიმე, რომელმაც დაწერა, რომ ამდენი ხანია ამერიკაში ხარ და ვერაფერს მიაღწიეო. აბსოლუტურად მართალი ხართ: ვერაფერს მივაღწიე. ა, კიდევ დამავიწყდა: უკანალი მაქვს ძალიან დიდი და ფეხები მსუქანი, არ ვიცი რა ვქნა, რომელ წყალში გადავვარდე, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს" - ამბობს ნუკი.
კოშკელიშვილმა ცოტა ხნის წინ აცნობა გამომწერებს, რომ მეორე შვილის მოლოდინში იყო. ნუკი თავიდანვე წერდა, ამ ორსულობისას განსაკუთრებით აწუხებდა ტოქსიკოზი. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთ ვიდეოში აღნიშნავდა, რომ სისხლდენა და მუცლის მოშლის საშიშროება ჰქონდა.