ირაკლი კობახიძე - როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი | Allnews.Ge

ირაკლი კობახიძე - როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი

როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ გარკვეულ ღონისძიებაში იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი - აქ სპეკულირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე დასწრებას გამოეხმაურა.

კობახიძის განცხადებითვე, ამ თემასთან დაკავშირებით „ვიღაცები სპეკულირებას ახერხებენ“.

„რა თქმა უნდა, ეს ხომ ნორმალურია. როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ბლინკენი, ბორელი სხვა ევროპელი ლიდერები ესწრებიან იქ, ხომ, აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა?! აქ ხომ კითხვებიც არ არის ობიექტურად, მაგრამ აქაც კი, ვიღაცები ახერხებენ სპეკულირებას. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც დაასახელეთ, [უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები] მე მინდა მათ ვურჩიო, რომ ჯერ 4-ჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე საქართველო ყიდის და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. კონკრეტული ქვეყნები ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებულები და ჩვენზე 4-ჯერ მეტ ღვინოს ჰყიდიან რუსეთში. როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ გარკვეულ ღონისძიებაში იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი. ეს ასე უნდა იყოს. აქ სპეკულირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ აქაც კი ახერხებენ ვიღაცები სპეკულირებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

myquiz