"როგორ მასწავლებელსაც ვისურვებდი რომ მყოლოდა, ისეთი მინდა ვიყო" - გაიცანით 25 წლის მასწავლებელი
"7 წლის წინ მივხურე სკოლის კარი, კარგად მახსოვს ბავშვური ემოციები, ის არასდროს მინდა დამავიწყდეს. რაც მე მინდოდა პედაგოგებისგან მიმეღო, ვცდილობ, იგივე მივცე ჩემს მოსწავლეებს“, - გვეუბნება ქართული ენისა და ლიტერატურის 25 წლის მასწავლებელი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ გორგაძეების სკოლაში ასწავლის.
ლუი შანიძე ქობულეთში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. 8 წელი ბათუმში იცხოვრა, რადგან უნივერსიტეტში სწავლობდა - ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.
"დედაც მასწავლებელია, მაგრამ ამის გამო არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი. პროფესია ჩემი ქართულის მასწავლებლის გავლენით ავირჩიე. მან ჩემს ცხოვრებაში დიდი მოტივაცია გააჩინა. ცხადია, ლიტერატურაც ძალიან მიყვარდა“, - გვეუბნება ლუი მასწავლებელი, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ნებით გადაწყვიტა პედაგოგიური პრაქტიკა მაღალმთიან რეგიონში გაევლო და ეს სურვილი სწრაფად აუსრულდა.
"ფილოლოგიური რომ დავამთავრე, შემდეგ გამოცდა ჩავაბარე და მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გავიარე. პარალელურად მუშაობა დავიწყე ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაში. წელს კი მაღალმთიან რეგიონში სივი გადავაგზავნე. გეგმაში აჭარა არ მქონია, რადგან უფრო სიახლეები, გამოწვევები მიყვარს და სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სვანეთი ჩავწერე, თუმცა ბოლოს აჭარაც დავამატე... ისე მოხდა, რომ პირველი აჭარა დამიკავშირდა და ჩემს მხარეში წასვლა გადავწყვიტე, - ასე დავიწყებ-მეთქი“, - გვიყვება ლუი. ის საკმაოდ წარმატებული "ტიკტოკერია" და ცდილობს მაღალმთიანი აჭარის ცხოვრება ფართო საზოგადოებას აჩვენოს.
- მოკლედ, მიგიწვიათ ღორჯომის თემმა. იყავით მანამდე იქ ნამყოფი?
- ხულოში ნამყოფი ვიყავი, მაგრამ იმის იქით არ წავსულვარ... იქ რომ მივდიოდი, ვიცოდი, რომ სწორად ვიქცეოდი, მაგრამ მარტო სრულიად უცხო გარემოში, სხვა ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებში რომ მიდიხარ, მაინც ღელავ. როგორც ილია ამბობს, რამდენად მოვერგები მე და რამდენად მომერგება მე ის სოფელი - იყო ეს ფიქრიც.
- და რისკი მაინც გასწიეთ, თამამი ნაბიჯი გადადგით 25 წლის ლამაზმა და ნიჭიერმა გოგონამ...
- ბათუმსა და ქობულეთში საკმაოდ აქტიური ცხოვრება მქონდა, მაგრამ აქ აქტიური ცხოვრება ვერ მექნება. ამ სოფელში, სადაც ვცხოვრობ, ულამაზესი ბუნებაა. შეუძლებელია ამის შემხედვარე ქაოსში იყო. ეს მხოლოდ გამშვიდებს. საერთოდ, მშვიდი ცხოვრება მომწონს. ამ ორ თვეში სწორედ ასეთ ტემპზე გადავერთე. ქალაქში ცხოვრება ბევრად ქაოსურია. განაგრძეთ კითხვა