რატომ არის საყურადღებო ალერგიული დერმატიტი და როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის პრევენცია?
ალერგოდერმატოზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც დიაგნოსტირებულია ზრდასრული მოსახლეობის 5-7%-თან. ჯანმო-ს მონაცემებით, კანის ალერგიის გავრცელება 25-33%-ს აღწევს.დაავადების უფრო მაღალი მაჩვენებელი განვითარებული ქვეყნების მცხოვრებლებს შორის აღინიშნება. პრობლემას უდიდესი სამედიცინო და სოციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან მუდმივად იზრდება მოსახლეობის პოლივალენტური სენსიბილიზაცია, შესაბამისად, იზრდება კანის ალერგიისა და სხვა ალერგიული დაავადებების სიხშირე. რა არის ალერგოდერმატოზი და როგორ შეიძლება მისი მართვა, გვესაუბრება ექიმი-ალერგოლოგი, ლალი ბერიძე.
– ქალბატონო ლალი, რა შეიძლება იყოს ალერგიული დერმატოზების გამომწვევი მიზეზი?
– ეს არის კანის დაავადება, რომელიც ვლინდება ალერგენთან კონტაქტისას კანის რეაქციით. ეს რეაქცია შეიძლება იყოს დაგვიანებული. მისი მიზეზების დადგენა მარტივი არ არის, რამდენადაც დაავადების გამოვლინება შეიძლება მოხდეს გამღიზიანებელთან კონტაქტიდან რამდენიმე ხნის შემდეგაც. მისი პროვოცირება შეიძლება მოახდინოს მედიკამენტებმა, საყოფაცხოვრებო ქიმიამ, ჰაერში გავრცელებულმა ნივთიერებებმა, ხელოვნურმა პოლიმერებმა, ქალებს შორის სახეზე არსებული დერმატიტი შეიძლება უხარისხო კოსმეტიკამ გამოიწვიოს.
– რით განსხვავდება სხვა ტიპის დერმატიტებისაგან?
– ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ განვასხვაოთ დერმატიტის სხვადასხვა სახეობა, რათა უკეთ გავიგოთ, რა ხდება ორგანიზმში და უფრო ეფექტურად შევამციროთ არასასურველი ეფექტები.
ალერგიული დერმატიტი – ეს არის რეაქცია, რომელიც კანზე ჩნდება ალერგენის (სხვადასხვა ქიმიური, მექანიკური, კოსმეტიკური და ა.შ.) ზემოქმედების შედეგად. ალერგიული დერმატიტის გამოხატული ნიშნებია:
- ქავილი;
- შეშუპება, განსაკუთრებით სახსრებზე, თეძოზე, მუცელზე;
- ასევე აღინიშნება დაზიანებული უბნის წვა და კანზე ამობურცული წამონაზარდები.