ვინ არის პირველი ქართველი ქალი, რომელიც BBC-ის "100 გავლენიან ინფლუენსერს" შორის მოხვდა?
ჟურნალისტი თამარ მუსერიძე პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელიც BBC-ის 100 გავლენიან ინფლუენსერს შორის მოხვდა, რომელთა საქმიანობაც საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გასცდა.
გამოცემა წერს, რომ თამარ მუსერიძე 18 წლიდან ცნობილი სახე იყო ქართულ ტელეეკრანზე, მაგრამ მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, როდესაც 31 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ნაშვილები იყო. ბიოლოგიური მშობლების ძებნის პროცესში კი აღმოაჩინა უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში, საქართველოში, ე.წ. შავ ბაზარზე ბავშვებით ვაჭრობდნენ.
მან შექმნა ფეისბუქის ჯგუფი "ვეძებ", რამაც უკანონო შვილად აყვანის შესახებ არსებული პრობლემები სააშკარაოზე გამოიტანა.
BBC წერს, რომ მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, მაგრამ თავად კვლავ ეძებს საკუთარ ოჯახს.
თამარ მუსერიძემ ამ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
ღმერთო, არ მჯერა ეხლა ამას რომ ვწერ !!!!!!!!!!!!!!!! უკვე 10 წელია, ყოველი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამორჩული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გასცდა.
წელს პირველად ბი-ბი-სი საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა!!!
წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!!!
წელს, მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!!
ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვერ ვალაგებ ტექსტს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა.
სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა!
არასდროს თქვათ თქვენ მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან.
არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ. ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი!
თუმცა ამ სიაში მარტო ჩემი ბრძოლით ვერ მოვხვდებოდი".