"1993-ში იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსები ბომბავდნენ" - უკრაინის ომს შეწირული 31 წლის ქართველის უცნაური ბედისწერა: რა ვითარებაში დაიღუპა ნიკა გელენიძე?
რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. 31 წლის ნიკა გელენიძე ბახმუტთან იბრძოდა. ის ცხელი წერტილიდან დაღუპული თანამებრძოლის გამოყვანის სპეცოპერაციას შეეწირა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ბახმუტის მიმართულებაზე, კლიშევკას დასახლებასთან მიმდინარე შეტაკებებს ლევან ლობჟანიძე ემსხვერპლა. ნიკა ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც თანამებრძოლის ცხედრის ცხელ წერტილიდან გამოყვანას შეეცადა.ოპერაციის დროს, ის ბატალიონი "თბილისელების“ სხვა წევრებთან ერთად რუსულმა დრონმა დააფიქსირა და ინტენსიურ დაბომბვაში მოხვდა. ნიკას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ვაჟიშვილი დარჩა. ის 1993 წელს, სოხუმიდან გამომავალ იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსები ბომბავდნენ... უფრო ვრცლად ნიკას შესახებ, მისი თანამებრძოლი გიგი გნოლიძე გვესაუბრება.
გიგი გნოლიძე:
- ნიკას ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, ბატალიონ „შავ არწივში“ რომ იყო. თვეზე ცოტა მეტია, რაც ჩვენს ბატალიონ "თბილისელებში“ გადმოვიდა. სულ ჩემს გვერდით იყო... უაღრესად კეთილშობილი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო, ერთი სული ჰქონდა აფხაზეთი ენახა. რომ გავიგე, ორი პატარა შვილი ჰყავდა, თან ასეთი ახალგაზრდა იყო, ვუსაყვედურე, რატომ წამოხვედი თქო. მე მთელი ცხოვრება მამა მიყვებოდა აფხაზეთის შესახებ, ოცნებად მაქვს ქცეული სოხუმის ნახვა და არ მინდა ჩემი შვილებიც მხოლოდ სიზმარში ნახულობდნენ, წინაპრების სახლ-კარსო. რაღა მეთქმოდა... ჩვენც ხომ ჩვენი ოჯახებისთვის, სამშობლოსთვის ვართ აქ. ასე გვჯერა, ასე გვწამს, რომ საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება. სიმართლე რომ გითხრათ, მინდა რომ მე ვიყო ნიკას ადგილზე, მისთვის ჯერ ძალიან ადრე იყო. მე უნდა დამეცვა, მე უნდა ვყოფილიყავი მის გვერდით.
- როგორც ვიცი, ახლა თქვენც დაჭრილი ხართ...
- კი, პირველ ჯერზე ლევანის გამოსაყვანად მე ვიყავი შესული. არტილერიის დაბომბვაში მოვყევი და ყურის ბარაბნები მაქვს დახეთქილი. ფეხშიც დაჭრილი ვარ, მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ ცოცხალი ვარ. ლევანი დანაღმულ ტერიტორიაზეა და დიდ რისკებთან არის დაკავშირებული მისი გამოყვანა, მაგრამ მაინც მოვახერხებთ რამე, იქ არ დავტოვებთ. ნიკა და ჩვენი სხვა ბიჭები ლევანის გამოსაყვანად რომ წავიდნენ, ერთხანს ჩასაფრებაში იყვნენ, დაღამებას და წვიმიან ამინდს ელოდნენ. მოულოდნელად გამოიდარა და რუსებმა დრონები ააფრინეს. აღმოაჩინეს ბიჭები და მასიურად დაიწყეს დაბომბვა. როგორც გავიგე, ნიკა ტანკის ქვეშ შემძვრალა, მაგრამ ტანკს ორი ჭურვი მოხვედრია და დაბლა ჩაწეულა. ნიკა იქ რომ დარჩენილიყო, ტანკი გასრესდა. უკანა მხრიდან გამოძვრა, მაგრამ მაშინვე ფეხში მოხვდა ჭურვის ნამსხვრევი. მასთან ერთად ერთი აზერბაიჯანელი ბიჭი იყო და მაშინვე არტახი დაადო, მერე ისიც დაიჭრა. ჯგუფის მეთაურმა ბიჭების დასახმარებლად პიკაპი გაგზავნა, მაგრამ ნიკა უკვე დაღუპული იყო, სისხლისგან დაიცალა. ის და კიდევ ერთი დაჭრილი აზერბაიჯანელი გადარჩა. ნიკა უკვე გამოყვანილია და პროზექტურაშია, სამშაბათს კიევიდან თბილისში გადმოასვენებენ. იხილეთ სრულად