ნინი ბრეგვაძემ The Voice-ის "ნოკაუტის" ტურშიც გაიმარჯვა: მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა და აღფრთოვანებული მწვრთნელები
ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ Voice-ში რინგის ტურის შემდეგ ე.წ. ნოკაუტის ტურიც მოიგო და მწვრთნელების გადაწყვეტილებით, შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ამჯერად კონკურსში ქართველმა მომღერალმა Radiohead-ის “karma Police” შეასრულა.
“ძვირფასო მეგობრებო, გავიმარჯვე ნოკაუტის ტურში და ძალიან ვამაყობ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არა, რომ გავიმარჯვე, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა ვიმღერე. მადლობა მხარდაჭერისთვის, მიყვარხართ“, - წერს მომღერალი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.ე.წ. ნოკაუტის ტურში სამი კონკურსანტი უპირისპირდებოდა ერთმანეთს. ნინის მეტოქეები აზანი და ოლივია მინოუგი იყვნენ. "ნინის პერფორმანსი აღმოჩნდა ის, რამაც მომღერალს ნოკაუტის ტური დააძლევინა", - წერს nbc მომღერლის შესახებ.
მისმა გამოსვლამ მწვრთნელები აღფრთვანებული დატოვა. "შენი ნამღერი სრულყოფილი იყო“, - თქვა რება ნელ მაკენთაირმა.
”მე ახლა რეალურად ვკანკალებ და მაგიდას კარგად ვეჭიდები, რომ თავი შევიკავო. ნინი, საოცარი იყავი, ეს პერფორმანსი სრული სიგიჟეა. ნოკაუტის გამარჯვებული ნინია, რადგან რაც მას შეუძლია თავისი ხმით, ამ კონკურსში ამას ვერავინ შეძლებს, მე ვფიქრობ, რომ ნინი ამ კონკურსს მოიგებს“, - თქვა ნაილ ჰორანმა.
"თუ ვინმეს შეუძლია Radiohead-ი იმღეროს, ეს ნინია“, - ასე წერია "ვოისის" ოფიციალურ გვერდზე ნინის შესახებ.