პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა დაიწყო: სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის თავმჯდომარე ეზოში დახვდა, უმრავლესობა კი დარბაზში შესვლისას ფეხზე არ წამოუდგა
პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე სხდომა დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტშია. მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეზოში შეხვდა. აღსანიშნავია, რომ სხდომა 87 დეპუტატი ესწრება ამჟამად, როგორც გაცხადდა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" სხდომას არ ესწრება, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განცხადება გააკეთა, რის მერეც სხდომათა დარბაზი დატოვა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის დარბაზში შესვლისას მას მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები წამოდგნენ ფეხზე, უმრავლესობა კი - არა.
საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება პარლამენტმა გუშინ მიიღო.
"საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.