სამოქალაქო აქტივისტის გზა - სამირა ბაირამოვას ბრძოლა საკუთარი თემის და ქვეყნის უფლებების დასაცავად
სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი, სოციოლოგი და ჟურნალისტი სამირა ბაირამოვა არაერთხელ გამხდარა მუქარისა და თავდასხმის ობიექტი, პოლიტიკურად ანგაჟირებული თუ პრორუსული "ალტ-ინფოს“ მხრიდან. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ოქტომბრის დასაწყისში მოხდა, როცა სამირას საცხოვრებელი სახლის კედელზე უცნობმა პირებმა რუსეთის დროშა, კარზე კი ჯვარი დაუხატეს. ასევე, შეღებეს "შინ ევროპისკენ" და ქალთა ძალის სიმბოლიკები და მოიპარეს ლოგო "გახსოვდეს აგვისტოს ომი". "მე ხელს არ მიშლის არცერთი რელიგიური სიმბოლიკა", - ასე უპასუხა ვანდალებს სამირამ და სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა, თუმცა უწყებას სამირა ბაირამოვა არც კი გამოუკითხია...
2022 წლისს 14 მარტს სამირა ბაირამოვამ პრორუსული "კონსერვატიული მოძრაობის“ მარნეულის ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, რის შემდეგაც მუქარის სამიზნე გახდა. "ალტ-ინფოს“ ხალხი ჩამოვიდა მარნეულში და მემუქრებიან, ორ დღეს მაძლევენ... სასაცილო ისაა, რომ შეეშალათ მისამართი და მივიდნენ "ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისთან. თურმე ამბობენ, რომ მე საკრებულოს დეპუტატი ვარ. ვერ შემაშინებთ, სიმართლე გაიმარჯვებს“, - ყვებოდა იმჟამად სამირა. მან მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, თუმცა ამაოდ...
იყო ასეთი შემთხვევაც, როცა პროევროპული კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას სამირა ევროკავშირის ფლაერებს არიგებდა, რის გამოც მას აგრესიული ჯგუფები დაესხნენ თავს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. "ქრისტიანებთან საუბრის უფლება არ გაქვს", - მიმართავდნენ მას კონსერვატიული პარტიისა და მარნეულის ეპარქიის მხარდამჭერები.ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აზერბაიჯანულ თემში ნაადრევი ქორწინებისა და ძალადობის შემთხვევებზე მუშაობდა, "დაუპატიჟებელი სტუმრები“ მას თავს ხშირად შუაღამით ახსენებდნენ - თემიდან ათეულობით ადამიანი უვარდებოდა სახლში და გოგონას მათ მოგერიებაში ათენდებოდა. იგივე ხდებოდა არჩევნების, თუ სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების დროს - მუდმივად უთვალთვალებდნენ, აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, მის ოჯახს აწუხებდნენ...მიუხედავად ყველაფრისა, ეს ძლიერი ადამიანი იცინის და მეუბნება - "ვინ გააჩერებს სამირას?!“
მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რისთვისაც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტული მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად ზრუნვაა. სამირა ბაირამოვა მიიჩნევს, რომ სხვა შემთხვევაში, ზოგადად, ქვეყანაში თავისუფალი, პლურალისტული, კანონზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული, ევროპული ღირებულების თანაზიარი საზოგადოების აშენება ძალიან გაგვიჭირდება. იხილეთ სრულად