"გარეთ ვერ გავდივარ, მეშინია" - რას ჰყვება იერუსალიმში მცხოვრები ქართველი და რა განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა?
ჩვენი რესპონდენტი ქეთი გოგავა 8 წელია ისრაელში, კერძოდ, იერუსალიმში ცხოვრობს. Ambebi.ge-მ ისრაელში, ტერორისტების თავდასხმის შემდეგ შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, 2 დღის წინ, მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ქეთი დღეს ისევ დაგვიკავშირდა, მისი თქმით, საკვების საყიდლად გასვლის საშუალებაც არ აქვს და საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობს. ამისთვის კი ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას.
ქეთი გოგავა:
- ძალიან დაძაბული სიტუაციაა. განგაშის ხმა ისმის. ბევრს უნდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ძალიან გართულდა ყველაფერი, ბილეთები საშინლად გაძვირდა. ახლა ამბობენ, რომ ფრენებიც შეწყდება. საშინელებაა, საქართველოს მთავრობამ დანიშნოს რეისები და გაიყვანონ ხალხი, ვიდრე უბედურება არ მოხდება. დღეს აქაც დაბომბეს, მაინტერესებს რატომ არ გავყვართ საქართველოს მთავრობას. მე საქართველოს მოქალაქე ვარ.
ეს არ დამთავრდება ასე მარტივად, ყველას უნდა წამოსვლა. საკვების საყიდლად ვერ გავედი გარეთ, მეშინია. წყალი მომიტანა იმ ებრაელმა, ვისთანაც ვმუშაობ, მაგრამ მასაც ისე ეშინოდა. თან არც წყალი იყო მარკეტში...
სხვა ქართველებიც შეშინებულები არიან, დაბრუნებას ფიქრობენ, მაგრამ ბილეთებს ნახულობ და საშინელი ფასები აქვს. სად აქვს ხალხს იმის ფული, რომ ასეთი გაზრდილი ფასებით ბილეთები იყიდოს. სამი დღეა არ დამიძინია, იმის შიშით, რომ ქვეყანაში ტერორისტები არიან. გუშინ სამი დაიჭირეს ქალაქ მათანიაში.
AMBEBI.GE საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მათი თქმით, ისინი მუდმივად ხაზზე არიან, მუშაობს ცხელი ხაზი. ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ. იხილეთ სრულად