თბილისის რომელ უბნებში შეიძლება აიკრძალოს პიკის საათებში დიდი ავტომობილების მოძრაობა? | Allnews.Ge

თბილისის რომელ უბნებში შეიძლება აიკრძალოს პიკის საათებში დიდი ავტომობილების მოძრაობა?

თბილისში, კონკრეტულ უბნებზე, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, პიკის საათებში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ ამ დროისთვის ბიზნესსექტორთან შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დედაქალაქში არსებული საცობების გამო მიმდინარეობს.

როგორც მერმა აღნიშნა, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადადგილების შეზღუდვა იგეგმება პიკის საათებში. ამასთან, შეზღუდვა მთელ თბილისს არ მოიცავს, საუბარია კონკრეტულ მონაკვეთებზე, უბნებზე, სადაც ყველაზე მეტი დატვირთვა არის პიკის საათებში. „თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, დილის 08:00 საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე შუალედში. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას. ასევე, აგვისტოში,“- განაცხადა კალაძემ.

მერიის მიერ ამ ეტაპზე შემუშავებული გეგმით, დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება, შემდეგ მისამართებზე: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ცენტრალური ქუჩები.

უფრო დეტალურად, თუ რომელ ტერიტორიაზე შესაძლოა, მოხდეს რეგულაციის ამოქმედება, შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე, წითლად მონიშნული საზღვრები:

386235689-18228513136216911-5580315490011458315-n-1696575745-1696578069.jpg

აღსანიშნავია, რომ მერიის ცნობით, იქნება გამონაკლისები, რაზეც რეგულაცია არ გავრცელდება. ესენია: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტი, მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი, მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი, ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ.

myquiz