ვის ეკუთვნის „იმედის კლინიკა“, რომელიც უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაჯარიმდა?
სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შპს „იმედის კლინიკა“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო 20 000 ლარით დააჯარიმა.
სააგენტოს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ორ მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.
მათივე ინფორმაციით, „შპს „იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა, თუმცა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები მაინც ჩატარდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „იმედის კლინიკის“ 34%-ან წილს დავით კობეშავიძე ფლობს, 33-33%-ან წილებს კი ნოდარ და დავით კობეშავიძეები. კლინიკის დირექტორი ერთ-ერთი მეწილე, დავით კობეშავიძეა.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო სტანდარტები მიმდინარე წლის სექტემბრიდან შევიდა ძალაში.