"გუშინ გაფითრებული შემოვიდა და მომცა ფურცელი, სადაც ე.წ. "ბრიტვა" იდო" - რას ჰყვება დედა, რომლის შვილს თანატოლები თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ
უმძიმესი ფაქტი მოხდა იმერეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ. როგორც არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, მეცხრე კლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს.
"როგორც კი ზარი დაირეკება, საპირფარეშოში ცერა თითიდან ვენებამდე გადაისვი. არ იზამ და როგორც კი დრო მომეცება, დაგინახავ ტუალეტში და უნიტაზში ჩაგახრჩობ" - ამ შინაარსის წერილს უგზავნიდნენ მოსწავლეები თანატოლს.
არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა სამართალდაცმველები საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის ჩაერთვნენ.
გოგონას დედა ჰყვება, რომ ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობა, მისი თანატოლი გოგონების მხრიდან, დიდი ხანია მიმდინარეობს.
"შევიწროების ფაქტი სადღაც ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ამ სკოლაში გადმოვიდა ჩემი შვილი. მაშინ მძაფრი რეაქცია არ მქონია, რადგან მეგონა მოგვარდებოდა. ჩემი შვილი სახლში არაფერს ამბობდა, მე ვიყავი ყურადღებით, კითხვებს ვუსვამდი, ვინმე ხომ არ ავიწროებდა. მეუბნებოდა, რომ თავად მოაგვარებდა.
10 დღის წინ სახლში მოვედი და ჩემი მეორე შვილი მეუბნება, რომ მარიამი საქმის გასარჩევად გაიყვანეს, ჩავჯექი მანქანაში და მივედი სადაც იყვნენ. ჩემს შვილს ვუთხარი ჩამჯდარიყო მანქანაში, შემდეგ გამომყვნენ ის ბავშვებიც და რეპლიკებს მესმოდნენ. შემდეგ "ინსტაგრამზე" "ლაივშიც" გასულან და მე და ჩემს შვილს საშინელი სიტყვებით მოგვიხსენიებდნენ.
შემდეგ მოვიდნენ სახლში ჩემთან და ერთ-ერთმა მარიამს თავისი პირადული გაანდო და უთხრა, რომ თუ ამას ვინმეს ეტყოდა, სახლში გამოწვავდა. შეეშინდა ბავშვს და მითხრა, მემუქრებაო. ორშაბათს მივედი სკოლის დირექციაში და ვუთხარი, რომ ბავშვი მყავდა საფრთხის წინაშე. მითხრეს, რომ ბავშვების დაკითხვის უფლება მშობლების გარეშე არ გვაქვსო. მოვითხოვე, რომ მათი მშობლებიც დაებარებინათ და მივიდოდი მეც. მხოლოდ ერთ კითხვაზე მინდოდა პასუხი - რას ერჩოდნენ. დამამშვიდეს რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
გუშინ ბავშვი სკოლაში არ წავიდა. თურმე დილით ჩანთაში უნახავს ფურცელი, ის წერილი რაც ყველამ ნახეთ. საღამოს მეუბნება, დედა გადამიყვანე ამ სკოლიდანო და მაწვდის ფურცელს. ვხსნი ამ ფურცელს და ვხედავ "ბრიტვას" და ტექსტს, რომ შენ თუ ამას და ამას არ გააკეთებ, ჩაგახრჩობთ უნიტაზში. მაშინვე დავრეკე იურისტთან და ვთხოვე დახმარება. გამოძიება დაწყებულია. სკოლის მასწავლებელსაც ვესაუბრე" - ამბობს გოგონას დედა.