რას ამბობს საქართველოს საგარეო უწყება ნეაპოლში გაუჩინარებულ ქართველ ახალგაზრდაზე?
იტალიის ქალაქ ნეაპოლში 29 წლის მამაკაცი გაუჩინარდა, რომელიც მეხუთე დღეა, რაც იძებნება. ვანიკო ღარიბაშვილის კვალი შაბათ შუადღის შემდეგ ქალაქის ბაზრის ტერიტორიიდან იკარგება.
ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნეაპოლში მე-6-ე წელია ცხოვრობს. ვანიკოს მეუღლე ფიქრია გოგატიშვილი ამბები. გე-ს უყვება, რომ ვანიკო ნეაპოლთან ახლოს, პომილიანო დარკოში მუშაობდა მოხუცის მომვლელად. შაბათ დღეს ცოლ-ქმარი ქალაქის ბაზრის მიდამოებში უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ვანიკო ღარიბაშვილი დათქმულ ადგილას არ მისულა. მას მერე გაუჩინარებულზე ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს, მეუღლეს კი ვერსიებზე საუბარი უჭირს.
AMBEBI.GE საგარეო საქმეთა სამინისტროში მთელი დღის განმავლობაში არკვევდა, რა ინფორმაცია ჰქონდა უწყებას დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, ან თუ ატარებდა რაიმე ღონისძიებას ჩვენი მოქალაქის ადგილსამყოფელის დასადგენად.
დღის ბოლოს უწყებაში გვითხრეს, რომ: "საკონსულო კონტაქტზეა როგორც იტალიის შესაბამის უწყებებთან, ისე დაკარგულის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს სამუშაოები“.