რა ვიცით კომპანიაზე, რომლისგანაც ცესკო ხმის დამთვლელ აპარატურას ყიდულობს - ბიუჯეტი 54,215 მლნ ლარია | Allnews.Ge

რა ვიცით კომპანიაზე, რომლისგანაც ცესკო ხმის დამთვლელ აპარატურას ყიდულობს - ბიუჯეტი 54,215 მლნ ლარია

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმის დამთვლელ და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებს ნიდერლანდებში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანია Smartmatic International Holding-ისგან შეიძენს.

როგორც ცნობილია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ნახევრად ელექტრონული წესით ჩატარდება. ამიტომაც ცესკო ათობით მილიონი ლარის ღირებულების ხმის დამთვლელ აპარატურას ყიდულობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, Smartmatic International Holding-თან გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულება 54 215 254 ლარს შეადგენს. ტენდერის გამოცხადებისას კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 54 653 496 ლარს შეადგენდა.

Smartmatic International Holding-ი 2000 წელს ნიდერლანდებში დაფუძნდა, თუმცა ორგანიზაცია პოზიციონირებს როგორც საერთაშორისო კომპანია. კომპანიის ოფისები განთავსებული აქვს ჰოლანდიის გარდა, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, კანადაში, ფილიპინებში, ესტონეთში, საერთო ჯამში 12 ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კომპანიის ტექნოლოგიებით არჩევნები ჩატარდა ლოს-ანჯელესის ოლქში; კენიაში; ფილიპინებში; ნორვეგიაში (ინნალანდეტის ოლქში); ალბანეთში; ბულგარეთში; ჰონდურასში; კანადაში (ონტარიოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში). საერთო ჯამში, ამ კომპანიის ტექნოლოგიით არჩევნები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა და მისი ტექნოლოგია 140-ზე მეტ არჩევნებში გამოიყენეს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აპარატურის ტექნიკური აღწერილობა ასეთია:

ვერიფიკაციის აპარატი, რომელმაც ამომრჩეველთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს, მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის საშუალებით. შემოთავაზებულ აპარატს უნდა გააჩნდეს ციფრულ მონაცემთა წაკითხვის (MRZ წამკითხველი) და ბეჭდვის ინტეგრირებული კომპონენტები. ამასთანავე, MRZ წამკითხველის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პასპორტისა ან/და ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათი) გატარება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ამომრჩევლის მონაცემების ხელით. ამას გარდა, ვერიფიკაციის აპარატი და მისი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იძლეოდეს გარკვეული სტატუსის მქონე პირების (მაგ.: პატიმრობაშია, საავადმყოფოშია და ა.შ.) დაბლოკვის შესაძლებლობას. ამასთანავე, ვერიფიკაციის ნებისმიერი აპარატის ეკრანზე აღნიშნული უნდა იყოს, რეალურ დროში, ვერიფიცირებული ამომრჩევლების რაოდენობა.

ვერიფიკაციის მოწყობილობა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადი უნდა იყოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში (ცესკოს) არსებულ მონაცემთა ბაზებთან (მონაცემები განთავსებულია MSSQL სისტემაში, რომლის მიწოდებაც აპარატებში განსათავსებლად უნდა მოხდეს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) მიერ გამართული, შუალედური სერვერის გამოყენებით). ამასთან, ვერიფიკაციის აპარატი არცერთ ეტაპზე არ უნდა იყენებდეს ინტერნეტს ან/და ინფორმაციის გაცვლის უსადენო კავშირს (Wifi მოწყობილობა). იხილეთ სრულად

myquiz