"ზღაპარია, თითქოს The Killers-ის კონცერტზე დრამერი შემთხვევით აიყვანეს სცენაზე, ეს იყო რუსული სპეცსამსახურების ნამუშევარი" - რას აცხადებს გია ხუხაშვილი? | Allnews.Ge

"ზღაპარია, თითქოს The Killers-ის კონცერტზე დრამერი შემთხვევით აიყვანეს სცენაზე, ეს იყო რუსული სპეცსამსახურების ნამუშევარი" - რას აცხადებს გია ხუხაშვილი?

შოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა, რასაც დროულად სჭირდება პასუხის გაცემა, მათ შორის უმთავრესია, თუ რამდენად დროულად და სწორად დაიგეგმა, დაიწყო და წარიმართა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია? ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, ხელისუფლება კი ოპოზიციის ინიციატივაში პოლიტიკურ მიზნებს ხედავს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა ოპოზიციის ახალი პოლიტიკური დებატებისთვის ასპარეზის შექმნის მცდელობაა, თუმცა თავად ოპოზიციაშიც არა აქვთ ერთიანი პოზიცია. მაგალითად, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია არ მიიჩნევს საჭიროდ კომისიის შექმნას. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის უარი კომისიის შექმნაზე ეჭვებს აჩენს და აზარალებს "ქართულ ოცნებას". 19 აგვისტოს მონაცემებით, შოვში სტიქიური უბედურებისას 27 კაცი დაიღუპა, რომელთაგან 25 იდენტიფიცირებულია. 6 მოქალაქის ძებნა ამჟამადაც მიმდინარეობს. რატომ არის მნიშვნელოვანი საპარლამენტო კომისიის შექმნა? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- მომხდარზე ჭეშმარიტების დასადგენად სწორად წარმართულ გამოძიებას სახელმწიფოებრივი გაგებით აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა, თუნდაც იმისთვის, რომ ჭირისუფლებს სამართლიანობის განცდა გაუჩნდეთ და მცირედით მაინც შეუმსუბუქდეთ ტკივილი. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველაფერში წელგამართულია, წესით, უნდა დათანხმდეს ნებისმიერი ფორმატის გამოძიებას. რატომ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი, არ მესმის, მით უფრო, რომ ამ ყველაფერს ახლავს ისეთი უცნაურობები, რაც კითხვებს კი არ ხსნის, არამედ უფრო ამძაფრებს.

- ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი საპარლამენტო კომისიის წინააღმდეგ ის არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე იძიებს მომხდარს, თუმცა აქ ჩნდება სხვა პრობლემა - მოგეხსენებათ, გამოძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხია, სამაშველო სამსახურმა რამდენად დროულად და კარგად იმოქმედა, საგანგებო სიტუაციების სამსახური კი სწორედ შსს-ს შემადგენლობაშია.

- გეთანხმებით, ინტერესთა კონფლიქტი აშკარაა. თავისთავად ეს არის პრობლემა, მაგრამ საქმე პროკურატურამაც რომ გამოიძიოს, ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროკურატურაც ამ სისტემის ნაწილია. სისტემა კი როგორ მუშაობს, ცნობილია - საქართველოში, სამწუხაროდ, ინსტიტუციური ბალანსი არ არსებობს, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიძლება განვიხილოთ ერთი პარტიის სხვადასხვა რგოლად. აქედან გამომდინარე, პროკურატურა გამოიძიებს თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩემი აზრით, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ისიც ილუზიაა, რომ თუ პროკურატურა გამოიძიებს, რაღაც შეიცვლება. თუ დასჭირდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაწერს დასკვნას და პროკურატურა გამოაქვეყნებს. გაუჭირდებათ თუ არ გაუკეთებიათ?! დარწმუნებული ვარ, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს შანსი იმისა, რომ ალტერნატიული მოსაზრებების ბაზაზე პროფესიული განხილვით შედარებით სწორი დასკვნები გაკეთდეს, შედეგად კი კონსენსუსი გამოძებნოს საზოგადოებამ, არის საპარლამენტო კომისია.

ეს არის შანსი, რომ უნდობლობის უფსკრული, რაც დღითი დღე იზრდება და ამ ტრაგედიამ, ფაქტობრივად, გადაულახავად აქცია, რაღაცნაირად გამთლიანდეს. როდესაც ხელისუფლება ამბობს, ახლა ჩვენ ერთიანობა გვჭირდებაო, მართალია, მაგრამ ერთიანობა ხელოვნური და ყალბი ვერ იქნება. ხელისუფლების ერთიანობის ფორმულა ასეთია: მე რასაც ვამბობ, დამეთანხმეთ, კითხვები არ დასვათ და ასე გავერთიანდეთო. ასეთი რამ არ ხდება ბუნებაში. ერთიანობა კონსენსუსის ბაზაზე შენდება, მაშინ, როდესაც მინიმალურზე მაინც თანხმდებიან დაპირისპირებული მხარეები.

ჩემი აზრით, საპარლამენტო გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვა ლეგალური ინსტრუმენტი არ არსებობს. დემოკრატიული ქვეყანა რომ ვიყოთ, პროკურატურის გამოძიებაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ თავს ხომ ვერ მოვიტყუებთ, ეს ვერ გაამთლიანებს ჩვენს საზოგადოებას.

- კიდევ ერთ თემაზე მინდა ვისაუბროთ. მოგეხსენებათ როგორ განვითარდა მოვლენები 15 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე, სადაც The Killers-ის კონცერტი სკანდალით დასრულდა მას შემდეგ, რაც ჯგუფმა სცენაზე დრამერად რუსი ახალგაზრდა აიყვანა. მსმენელთა თქმით, მუსიკოსმა დრამერს ჰკითხა, საიდან იყო, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსეთის მოქალაქეა, ამას კი დარბაზიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით The Killers-ის მუსიკოსმა ხალხს მიმართა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ძმები არიან და დრამერს დაკვრის საშუალება მისცა, რასაც პროტესტი მოჰყვა, მსმენელის ნაწილმა დატოვა დარბაზი.

- ლაპარაკი იმაზე, რომ ის დრამერი ვითომ შემთხვევითი პირი იყო და შემთხვევით აიყვანეს სცენაზე, ჩემი აზრით, ზღაპარია. ასეთი დონის კონცერტებზე ასეთი რამეები შემთხვევით არ ხდება. გასაგებია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, წინასწარ გაწერილი. კარგად ვიცით, პროფესიულ შოუს როგორ დგამენ.

- ვისგან იყო დაგეგმილი?

- დარწმუნებული ვარ, ეს იყო რუსული სპეცსამსახურების მიზანმიმართული ნამუშევარი, რათა ამ თემის შემოგდებით გაეტესტათ ქართველი ახალგაზრდობა. დღეს რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში თავს ისე გრძნობენ, როგორც ოაზისში, პირდაპირ ოპერირებენ, აღარც იმალებიან. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ხელისუფლებაში ჩაბუდებულებზე, გაოგნებული ვარ, რამდენი ყოფილან და რაებს ლაპარაკობენ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz